ჩინეთის ავტობაზარი მსოფლიოში უდიდესია
10 ივლისი
როგორც ჩანს, დასრულდა პერიოდი, რომლის განმავლობაშიც, გაყიდვების მიხედვით, მსოფლიოს უდიდესი საავტომობილო ბაზარი ამერიკის შეერთებული შტატები იყო. ამის უტყუარი მანიშნებელია ის ფაქტი, რომ მიმდინარე წლის პირველ ნაახევარში ყველაზე მეტი ავტომობილი ჩინეთში გაიყიდა.
ჩინურ ბაზარზე გაყიდვების მნიშვნელოვანი (36.5-პროცენტიანი) ზრდა ივნისში დაფიქსირდა. მთლიანობაში კი, წლის პირველ ნაახევარში ცისქვეშეთში 6.1 მილიონი ავტომობილია გაყიდული, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 17.7 პროცენტით მეტია. შედარებისთვის, იმავე პერიოდში, ამერიკაში სულ 4.8 მილიონი ავტომობილია გაყიდული. ერთადერთი თვე, რომლის განმავლობაშიც, შეერთებულ შტატებში უფრო მეტი მანქანა გაიყიდა, ვიდრე ჩინეთში, მაისია. ანალიტიკოსების პროგნოზით, წელს აშშ-ში 10 მილიონამდე ავტომობილი გაიყიდება, ჩინეთში კი - 12 მილიონი.
სხვა ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყნების დარად, გლობალური ფინანსური კრიზისი ჩინეთსაც შეეხო, თუმცა გაცილებით ნაკლებად, ვიდრე დასავლეთ ევროპას, ჩრდილოეთ ამერიკასა და იაპონიას. შესაბამისად, ჩინურ ავტობაზარსაც კრიზისისადმი მეტი იმუნიტეტი აღმოაჩნდა. ცისქვეშეთის გაყიდვებზე კრიზისი გასული წლის მეორე ნახევარში აისახა, მაგრამ მთავრობამ სასწრაფოდ შეკვეცა ავტომობილების გაყიდვებიდან მიღებული მოგების გადასახადი, რამაც ბაზარი სწრაფად გამოაცოცხლა.
ბევრი დიდი ავტოკომპანიისთვის ჩინური ბაზარი, მისი უზარმაზარი მოცულობის გამო, პრიორიტეტული გახდა. მაგალითად, იმ დროს, როდესაც მისი ამერიკული ოპერაციები გაკოტრებით დასრულდა, ”ჯენერალ მოტორსმა” ჩინეთში შარშან გაყიდვების 38-პროცენტიანი ზრდა დააფიქსირა.
No comments:
Post a Comment