”რედ ბული” აქცენტს ფეტელზე გააკეთებს
Formula 1
10 ივლისი
”რედ ბულის” ხელმძღვანელი კრისტიან ჰორნერი აცხადებს, რომ მომავალი სეზონის მანქანის (RB6) მზადებისას, გუნდის იჟინრები, უპირველეს ყოვლისა, გერმანელი სებასტიან ფეტელის პილოტირების სტილსა და მისსავე პარამეტრებს გაითვალისწინებენ.
”შემიძლია ყველა დავარწმუნო, რომ ორივე მრბოლს აბსოლუტურად თანაბარი დონის ტექნიკას ვუმზადებთ და რბოლის დროსაც, თანაბრად ვეხმარებით. მაგრამ შეცდომა იქნება, თუ მომავალი სეზონის მანქანის შექმნის პროცესში, სებასტიანის მინაცამებზე არ ვიქნებით ორიენტირებულნი. მან აშკარად დაგვანახა, რომ არამარტო გამარჯვებისთვის, არამედ ჩემპიონობისთვის ბრძოლაც შეუძლია და მფლანგველობა იქნება, თუ ამ შანსს არ გამოვიყენებთ”, - გერმანულ გაზეთ ”აბენდცაიტუნგთან” საუბრისას განაცხადა ჰორნერმა.
”RB6-ის შექმნისას, ჩვენი ორიენტირი პილოტირების მისეული სტილი იქნება. მინდა ვთქვა, რომ მარკ უებერის სტილი მისგან დიდად არც განსხვავდება, ეს კი კონსტრუქტორებს საქმეს გაუადვილებს”, - დასძენს ჰორნერი.
მან ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ამ ეტაპზე, ორივე პილოტს ერთნაირად მომზადებული მანქანით ასპარეზობა უწევს, თუმცა ისიც აღიარა, რომ ასე დიდხანს არ გაგრძელდება და ადრე თუ გვიან, უპირატესი მხარდაჭერით ის პილოტი ისარგებლებს, ვისაც ჩემპიონობის მეტი შანსი ექნება, მეორე პილოტი კი დამხმარე როლს შეასრულებს.
ცნობისათვის, რვა ეტაპის შემდეგ, ”რედ ბულის” პილოტებს სულ რაღაც 3.5 ქულა აშორებს. მათგან ფეტელს ორი რბოლა აქვს მოგებული, უებერს კი - არცერთი. სამაგიეროდ, ქულებს ავსტრალიელი უფრო სტაბილურად აგროვებს. ასე რომ, თეორიულად, ჯერ კიდევ ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს.
ჰორნერი არ გამორიცხავს, რომ გუნდმა სამერმისოდაც შეიძლება იგივე პილოტები დაიტოვოს. ფეტელზე ლაპარაკი არცაა, მას ავსტრიულ გუნდთან კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს უმთავრდება. რაც შეეხება უებერს, მის კონტრაქტს ვადა ამ სეზონის შემდეგ გასდის. ჰორნერი ამბობს, რომ ავსტრალიელის გამოსვლით კმაყოფილია, თუმცა კონტრაქტის გაგრძელებაზე მასთან მოლაპარაკება ჯერ არ დაწყებულა. როგორც ჩანს, ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, საჭიროების შემთხვევაში, რამდენად დაიცავს უებერი გუნდის ინტერესებს.
სურათზე: ჰორნერი (მარცხნივ) უპირატესობას ფეტელს ანიჭებს
No comments:
Post a Comment