”აუდი” უგზოობის Q3-ს 2012 წელს გამოუშვებს
Audi Q3
10 ივლისი
მიუხედავად იმისა, რომ უკვე გადაწყვეტილია - ”აუდის” ახალ უგზოობის მოდელ Q3-ს ესპანური ”სეატ-ის” მარტორელის ქარხანა გამოუშვებს, ამ ავტომობილზე ამჟამად ბევრი არაფერია ცნობილი. ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით, Q3 იმ კონცეპტუალური მოდელის (ქროს კუპე კვატრო) ბაზაზე შეიქმნება, რომლის დებიუტიც ორი წლის წინ, შანჰაის ავტო შოუზე შედგა.
ნებისმიერ შემთხვევაში, Q3 გერმანული კომპანიის სამოდელო გამაში უგზოობის მესამე ავრომობილი გახდება. შეგახსენებთ, რომ ”აუდის” ეგრეთ წოდებულ სოფტ როუდერებიდან, ბაზარზე პირველი სრულგაბარიტიანი Q7 გამოჩნდა, რომელსაც უკვე ჩაუტარდა ფეისლიფტინგი. მეორეს - Q5-ის ოფიციალური დებიუტი შარშან, პეკინის ავტო შოუზე შედგა, მისი წარმოება კი წელს დაიწყო.
ინტერნეტშივე გავრცელებული ინფორმაციით, Q3-ისთვის ძრავების ფართო გამის გამოყენება იგეგმება. მისი ყველაზე იაფი ვერსია 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ბენზინის ძრავით აღიჭურვება, რომელიც ამ ეტაპზე, ”ფოლკსვაგენ გოლფზე” გვხვდება. ტოპ ვერსია კი 3.6-ლიტრიან V6-ს მიიღებს, რომელიც 280 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ჯერ დაზუსტებული არაა, მაგრამ ავტომობილის სტანდარტულ აღჭურვილობაში ალბათ წინა წამყვანბორბლიანი ტრანსმისია შევა. ამასთან, გაყიდვების დაწყებისთანავე, შესაძლებელი იქნება სრულამძრავიანი სისტმით აღჭურვილი მოდელის შეძენა.
”აუდის” სხვა უგზოობის მოდელებისგან, Q3-ს კუპეს მსგავსი ძარა გამოარჩევს და ბაზარზე მისი მთავარი კონკურენტი ”ბეემვეს” უახლესი X1 იქნება, რომლის გაყიდვებიც ფრანკფურტის მოტორ შოუს დასრულებისთანავე დაიწყება.
ესპანური ქარხნის მოდერნიზაციისთვის, ”აუდი” 300 მილიონი ევროს ინვესტიციას გეგმავს, წლიურად კი ამ ქარხანაში 80 000 Q3-ს გამოუშვებს. არაა გამორიცხული, რომ Q3-ის სახელით, ”აუდიმ” კონცეპტუალური მოდელი ფრანკფურტში გამოფინოს.
No comments:
Post a Comment