”ჯენერალ მოტორსი” მწვანდება
General Motors
10 ივლისი
”ესოშიეიტიდ პრესის” ცნობით, ”ჯენერალ მოტორსის” ხელმძღვანელობა ლოგოს შეცვლას და კორპორატიული ლურჯი ფერის მწვანეთი შეცვლის მიზანშეწონილობას განიხილავს. ამგვარად, კომპანია ცდილობს, ყველას დაანახოს, რომ სწრაფად და გადამჭრელად მოქმედება შეუძლია და რომ ამიერიდან მისი მთავარი მიზანი ეკოლოგიაზე ზრუნვა და შესაბამისად, ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების წარმოებაა.
ჯერჯერობით, კორპორატიული ფერის და ლოგოს შეცვლის საკითხი განხილვის პროცესშია. ამ ეტაპზე, მას მარკეტოლოგების ჯგუფი კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად ამუშავებს. და თუ საკითხი დადებითად გადაწყდა, ეს კომპანიის ისტორიის ბოლო 50 წლის განმავლობაში, ლოგოს ყველაზე რადიკალური ცვლილება იქნება.
ამ დღეებში მოსალოდნელია კომპანიის ახალი სახელით დარეგისტრირება. ოღონდ, სანამ ეს მოხდებოდეს, იგეგმება ოფისების 4 000 თანამშრომლისა და 450 საშუალო დონის მენეჯერის შემცირება. უმეტეს წილად, ესენი დახურული ქარხნების თანამშრომლები იქნებიან. სამსახურიდან დათხოვნა ასევე ემუქრება ”ჰამერისა” და ”სატურნის” თანამშრომლებს. ეს ორი კომპანია მალე მფლობელს შეიცვლის და გამორიცხული არაა, რომ სამსახურიდან დათხოვნილმა მათმა თანამშრომლებმა კვლავ დაიწყონ მუშაობა.
ცნობისათვის, ბოლო რესტრუქტურიზაციამდე, ”ჯენერალ მოტორსში” 29 650 მუდმივი თანამშრომელი ირიცხებოდა, ახალ კომპანიაში კი მათი რიცხვი 6 150-ით ნაკლები იქნება. ”გენერლების” მთავარი აღმასრულებელი ფრიც ჰენდერსონი ირწმუნება, რომ ”ჯენერალ მოტორს კომპანის”, წინამორბედისგან სრულიად განსხახებული მმართველი სტრუქტურა ეყოლება, რომელიც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებას შეძლებს.
No comments:
Post a Comment