ვედეკინგს წასვლაში 100 მილიონ ევროს სთავაზობენ
Wendelin Wiedeking
17 ივლისი
გერმანულ გაზეთ ”ზუდდოიჩე ცაიტუნგის” ინფორმაციით, იმისათვის, რომ ”პორშესა” და ”ფოლკსვაგენის” გაერთიანებას ხელი არ შეუშალოს, ”პორშეს” მთავარ აღმასრულებელ ვენდელინ ვედეკინგს 100 მილიონ ევროს გადაუხდიან. გაზეთის ცნობით, ორი გერმანული კომპანიის გაერთიანების მოწინააღმდეგე ვედეკინგს გადადგომა და ესოდენ დიდი კომპენსაცია ”პორშეს” აღმასრულებელმა ვოლფგანგ პორშემ შესთავაზა.
ვედეკინგს (სურათზე) ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მისი ავანტურული წამოწყების გამო - ”პორშეს” კონტროლისთვის დაექვემდებარებინა მასზე გაცილებით დიდი ”ფოლკსვაგენი”, შტუტგარტულ კომპანიას უზარმაზარი დავალიანება, 9 მილიარდი ევრო დაუგროვდა.
ამ ვალის დიდი ნაწილის დაფარვის მიზნით, ვოლფსბურგული კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ფერდინანდ პიხმა, ვინც იმავდროულად, ”პორშეს” თანამფლობელიცაა, წამოაყენა წინადადება, რომლის მიხედვითაც, ”ფოლკსვაგენი” ”პორშეს” აქციების თითქმის 50 პროცენტს უნდა დაუფლებოდა. მაგრამ ეს შეთავაზებაც ვედეკინგმა უარყო.
პიხის შეთავაზებით, ”ფოლკსვაგენი” მზადაა, ”პორშეს” აქციების 49.9 პროცენტში 4 მილიარდი ევრო გადაიხადოს. მაგრამ შტუტგარტული კომპანიის პროფკავშირული გაერთიანების ლიდერი უვე ჰუკი ამბობს, რომ ამ პაკეტის რეალური ფასი 7-8 მილიარდი ევროა.
ვედეკინგი ”პორშეს” ხელმძღვანელი 1993 წელს გახდა, როდესაც ეს კომპანია გაკოტრების რეალური კანდიდატი იყო. ახალი ხელმძღვანელის ხელში კი სპორტული ავტმობილების მწარმოებელი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანია გახდა. ვედეკინგს ”პორშესთან” კონტრაქტი 2012 წელს უმთავრდება და როგორც ჰუკი ამბობს, ვადის გასვლამდე შეფი არსად წასვლას არ აპირებს.
No comments:
Post a Comment