”ტატა ნანო” პირველ მყიდველს ჩააბარეს
Tata Nano
17 ივლისი
დღეს ინდოეთში ოფიციალურად დაწყო მსოფლიოში ყველაზე იაფფასიანი ავტომობილი, ”ტატა ნანოს” გაყიდვები. მისი მწარმოებელი კომპანია ”ტატა მოტორსის” პრეზიდენტმა რატან ტატამ პირველი ”ნანო” თავად მიუყვანა მუმბაის ავტოსალონს.
”ტატა ნანოს” ერთ-ერთი პირველი მყიდველი მუმბაელი მეწაღე გახდება, ვინც თურმე წლების განმავლობაში აგროვებდა მოტოციკლის შესაძენ ფულს. მაგრამ შემდეგ, როდესაც გაუგია, რომ ”ტატა” იაფფასიანი ავომობილის წარმოებას იწყებდა, თავისი არჩევანი ”ნანოზე” შეაჩერა.
კიდევ ერთი ”ნანო” შეხვდება პირველ ინდოელ ქალ ფოტორეპორტიორს, 96 წლის ჰომი ვიარავალას. კიდევ ერთი ხნიერი ინდოელი, ვინც ”ნანოს” ერთ-ერთი პირველი შეიძენს, 82 წლის ყოფილი პოლიციელია, ვინც აქამდე თურმე მოტოციკლით სარგებლობდა. ის ამბობს, რომ თავის ავტომობილს მომავალში შვილს დაუტოვებს, რომელიც ახლა მხოლოდ 12 წლისაა.
იმის გამო, რომ ამ პატარა ავტომობილის შეძენის სურვილი ასეულობით ათასმა ადამიანმა გამოთქვა, ”ტატამ” სპეციალური ლატარეა ჩაატარა, რომლის დროსაც პირველი 100 000 მყიდველი შეარჩია. დღეისათვის კომპანიას ”ნანოზე” უკვე 203 000 შეკვეთა აქვს მიღებული, მაგრამ მისი საწარმოო სიმძლავრე, ამ ეტაპზე, წლიურად მხოლოდ 50 000 ავტომობილის წარმოების საშუალებას იძლევა.
მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ”ტატა მოტორსი” ”ნანოს” ფასად 2 500 დოლარს ასახელებდა, წარმოების დაწყების შემდეგ, ფასი ოდნავ გაიზარდა და დღეს ავტომობილი ინდოეთში 2 880 დოლარი (140 000 რუპია) ღირს, მისი ტოპ ვერსიის ღირებულება კი 3 800 დოლარს (185 000 რუპია) აღწევს.
ავტომობილი აღჭურვილია ორცილინდრიანი ძრავით, რომელიც მის უკანა ნაწილშია განლაგებული. მისი მუშა მოცულობა 624 კუბურ სანტიმეტრს, სიმძლავრე 35 ცხენის ძალას, მაბრუნი მომენტი კი 48 ნიუტონმეტრს აღწევს. ”ნანოს” სტანდარტულ აღჭურვილობაში შედის 4-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი. ტოპ ვერსიის მყიდველი კი კონდიციონერით სარგებლობასაც შესძლებს.
ევროპაში ”ტატა ნანოს” გაყიდვები 2012 წელს დაიწყება და მისი ფასი 5 000 ევრო იქნება.
No comments:
Post a Comment