Friday, July 17, 2009

”ბუგატი” ახალ ავტობილს ფრანკფურტში წარადგენს

Bugatti Bordeaux

17 ივლისი


ეს წელი მეტად მნიშვნელოვანია ”ბუგატისთვის”. ჯერ ერთი იმიტომ, რომ კომპანია დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. მეორეც, მალე თავის სამომავლო გეგმებს გამოაქვეყნებს რომელშიც სრულიად ახალი მოდელის წარმოება შედის. ”მალე” სექტემბერში, ფრანკფურტის მოტორ შოუზე იქნება. სექტემბერში კი იმიტომ, რომ ასი წლის წინ ეტორე ბუგატიმ სწორედ ამ თვეში დააარსა თავისი ლეგენდარული კომპანია. და სხვა თუ არაფერი, სწორედ ამ თვეში ტარდება ფრანკფურტის საავტომობილო რანდევუ.

ფრანკფურტამდე კი, კომპანიას, რომელიც უკვე ათ წელზე მეტია, გერმანული ”ფოლკსვაგენის” ჯგუფშია გაერთიანებული, თავისი ახალი ავტომობილის, ოთხკარიანი კუპეს, ან უფრო სწორედ, სუპერ სედანის, ”სუპერ-ვეირონის” ფოტო ტისერები ინტერნეტით გაუმხილეს.

ტისერი ”ფერარის” ინტერნეტ ფორუმიდან გავრცელდა, რომლის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ მისმა მეგობარმა ”ბუგატისგან” ფრანკფურტის ავტო შოუზე ოფიციალური მისაწვევი მიიღო, რომელსაც ფოტო ტისერიც (სურათებზე) მოჰყვა. მართალია, ტისერზე არ ჩანს, თუ რა ავტომობილია მასზე გამოსახული, მაგრამ იმის თქმა დანამდვილებით შეიძლება, რომ ეს ”ვეირონი” არაა. და მაინც, ავტომობილის იმ ნაწილს, რომელიც ტისერზე ჩანს, ”ბუგატის” ემბლემა ამშვენებს.

გამოცემა ”ავტოექსპრესის” ინფორმაციით, ახალი ოთხადგილიანი სუპერ ავტომობილის სახელი ”ბორდოა”. ი ოთხტურბოკომპრესორიანი 8.0-ლიტრიანი W16 მონსტრით აღიჭურვება, რომელიც ავტომობილის წინა ნაწილში განლაგდება (ვეირონს ძრავი ბაზაში აქვს). ამასთან ძრავის სიმძლავრე იმდენივე იქნება, რამდენიც ”ვეირონისაა” – 1 001 ცხენის ძალა და 1 250 ნიუტონმეტრი (ეს უკვე ბუგატის ავტომობილების საფირმო მახასიათებელი ხდება). ამგვარად, ”ბუგატი ”ბორდო” მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ოთხადგილიანი ავტომობილი გახდება.

ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით, ”ბუგატი” ფრანკფურტში ასევე წარადგენს ”ვეირონის” სპეციალურ ვერსია ”ბლიუ სენტენერს”, რომელიც საზოგადოებამ პირველად ჟენევის წლევანდელ ავტო შოუზე იხილა. სხვათა შორის, ჟენევაშივეე, კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა ფრანც-იოზეფ პაეფგენმა გამოცემა ”ავტო ტელეგრააფს” განუცხადა, რომ ამჟამად მუშაობა ერთდროულად რამდენიმე პროექტზე მიმდინარეობს. იქვე მან გამორიცხა ”ბუგატის” მიერ ”ვეირონზე” იაფფასიანი ავტომობილის გამოშვება.

რაც შეეხება ”სუპერ-ვეირონის” შესახებ მოარულ ხმებს, პაეფგენმა თქვა, რომ თუ მსოფლიოში ვინმე ”ვეირონზე” უკეთეს ავტომობილს დაამზადებს, მაშინ ”ბუგატიც” მზად იქნება ”სუპერ-ვეირონის” გამოსაშვებად. მართალია, ამ ეტაპზე, მსოფლიოში უსწრაფესი ავტომობილის წოდება ამერიკულ ”SSC ალტიმეიტ აერო TT-ს” ეკუთვნის, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ”ვეირონი” ტექნიკურად გაცილებით უკეთესი ავტომობილია და მისი მართვაც გაცილებით იოლია, ვიდრე ამერიკული მონსტრისა.

პაეფგენი ასევე ამბობს, რომ ”ვეირონის” ბაზაზე კიდევ რამდენიმე სპეციალური გამოცემის, მათ შორის, ღია ”გრანდ სპორტის” გამოშვება იგეგმება. ამ ეტაპზე, კომპანიის საწარმო მთლიანად მიღებული შეკვეთების დაკმაყოფილებითაა დაკავებული. ცნობისათვის, ”ვეირონის” გეგმიური ტირაჟი მხოლოდ 300 ავტომობილია, რომელთაგან მხოლოდ 50 ცალია დარჩენილი. პარალელურად, კომპანია უკვე ღებულობს შეკვეთებს ”გრანდ სპორტზე”, რომელზეც უკვე რამდენიმე ათეული განაცხადია მიღებული.

No comments:

Post a Comment