Friday, July 17, 2009

”მახ 2 რეისინგი” პაიკს პიკის დასაპყრობად ემზადება

Mach 2 Racing Ford RS200

17 ივლისი




პაიკს პიკის სამთო რბოლა ერთ-ერთი ყველაზე ურთულესი და პრესტიჟულია ამერიკის კონტინენტზე. მისი დისტანცია სულ რაღაც 20 კილომეტრია, მაგრამ სტარტიდან ფინიშამდე, პილოტებს 156 მოსახვევის გავლა უწევთ, რომელთაგან ბევრი ქარაფებს გადმოსცქერის.

მთის სიმაღლე 4 000 მეტრია, სტარტი ზღვის დონიდან თითქმის 2 900 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. დისტანციის ამპლიტუდა კილომეტრზე მეტია, რაც პილოტებს საქმეს ძლიერ ურთულებს - გარდა იმისა, რომ გაუხშოებულ ჰაერში, მძიმე ფიზიკური დატვირთვისას, ჟანგბადის ნაკლებობას განიცდიან, რაც მათს რეაქციაზე უარყოფითად აისახება, ჟანგბადი არც ძრავებს ჰყოფნის, რომელთა სამსახურში ათას ცხენის ძალაზე მეტია.

რბოლისას, ავტომობილების საშუალო სიჩქარე 115 კმ/სთ-ს აღწევს. თითქოს, ეს ბევრი არ არის, მაგრამ ცოტათი ჩამოუვარდება იმ საშუალო სიჩქარეს, რომლითაც ფორმულა 1-ის პილოტები მონაკოს და ბუდაპეშტის ტრასებზე ავითარებენ. თანაც, რბოლა გრუნტზე ტარდება, რაც პილოტებისგან რკინის ნერვებსა და უმაღლეს ოსტატობას მოითხოვს.

პაიკს პიკის გავლის დროის რეკორდი ორი წლის წინ, ”სუზუკი XL7-ის” ეკიპაჟმა დაამყარა, რომელმაც ფინიშს 10 წუთსა და 01.408 წამში უწია. ბევრს მიაჩნია, რომ ეს ადამიანის საინჟინრო და პილოტირების შესაძლებლობათა ზღვარია და რომ ათწუთიანი ბარიერის გადალახვა შეუძლებელია.

მაგრამ ამ მოსაზრებას არ ეთანხმება ბრიტანული გუნდი ”მახ 2 რეისინგი”, რომელმაც სპეციალურად პაიკს პიკის რბოლისთვის და იქაური რეკორდის მოსახსნელად, რალის ლეგენდარულ ”ფორდ RS200-ის” ბაზაზე ნავდვილი მონსტრი შექმნა. ამაში კი მას საბურავების მწარმოებელი კომპანია ”ეივონ ტაიერსი” დაეხმარა. ავტომობილი 1 150-ცხენისძალიანი ძრავითაა აღჭურვილი, ეს კი რეკორდსმენი ”სუზუკის” სიმძლავრეზე 150 ცხენის ძალით მეტია.

ძრავი ავტომობილის ბაზაშია მოთავსებული და მას კომპანია ”გარეტის” ტურბოკომპრესორი ემსახურება, რომლის მეშვეობითაც, ”მხოლოდ” 950 ცხენის ალას გამოიმუშავებს. დამატებითი 200 ცხენის ძალა საწვავად 70 ლიტრი აზოტის ოქსიდის დამატებას მოაქვს. ამ მოცულობის საავტომობილო დოპინგი ოცკილომეტრიან დისტანციაზე სრულიად ”საკმარისია”.

რეკორდის დამყარებას ხვალ ბრიტანელი რალიქროსის ჩემპიონი მარკ რენისონი ეცდება, დღეს კი ის პიკზე სავარჯიშოდ ავა. ”ეს მანქანა პირველად რომ გამოვცადე, მაშინ მას სხვა საბურავები ეყენა და ეს საშინელება იყო. მაგრამ შემდეგ ”ეივონის” სპეციალური საბურავები მივიღეთ და ამან მანქანა სრულიად შეცვალა. ერთხელ ეს საბურავები უხეშ ბეტონზე გამოვცადეთ და მათ კარგად იმუშავეს. ჰოდა, ახლაც იმედი გვაქვს, რომ პაიკს პიკზეც არ გვიმუხთლებენ და მიზნის მიღწევაში დაგვეხმარებიან”, - ამბობს რენისონი.

No comments:

Post a Comment