”ასტონ მარტინმა” უგზოობის ”ლაგონდას” პროექტი შეაჩერა
Aston Martin Lagonda
21 ივლისი
”ასტონ მარტინმა” გამოაცხადა, რომ აჩერებს პროექტს, რომელიც უგზოობის მოდელის ”ლაგონდას” სახელით გამოშვებას ითვალისწინებდა. ამის ოფიციალურ მიზეზად მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და ამის შედეგად გამოწვეული გაყიდვების კლება დასახელდა.
ავტომობილის კონცეპტუალური ვერსია პირველად ჟენევის წლევანდელ ავტო შოუზე გამოჩნდა და ბევრი კრიტიკა დაიმსახურა. კრიტიკოსთა აზრით (რეალურად ასეცაა), ავტომობილი ძლიერ ჰგავს შვედური ”სააბის” უგზოობის ”9X აეროს”. როგორც ამბობენ, პროექტის შეჩერების მიზეზი სწორედ ”სააბთან” მსგავსება გახდა. ინტერნეტში ასევე ვრცელდება ხმები იმის შესახებ, რომ ”ასტონ მარტინის” ხელმძღვანელობამ პროექტი ისევ დიზაინერებს დაუბრუნა, რომლებსაც ავტომობილისთვის ინდივიდუალური გარეგნობის შემუშავება დაევალათ.
სხვათა შორის, ჟენევაში, ”ასტონ მარტინის” სტენდზე უგზოობის ”ლაგონდა” მხოლოდ ერთი დღე იდგა, შემდეგ კი, კომპანიის ერთ-ერთი თანამფლობელის, ინგლისელი დევიდ რიჩარდსის მოთხოვნით, ის სტენდიდან მოიხსნა. მაშინ კომპანიამ თავი იმით იმართლა, რომ ავტომობილი ჯერ მხოლოდ ერთ ეგზემპლარად არსებობს და ის სხვა გამოფენაზე იყო წასაღები. არადა, მარტის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანი საავტომობილო ფორუმი სწორედ ჟენევაში ტარდება. რა იგულისხმებოდა ”სხვაგან-ში”, ეს გაურკვეველი დარჩა, რადგან კონცეპტუალური ”ლაგონდა” სხვა გამოფენებზე აღარც გამოჩენილა.
სხვათა შორის, კონცეპტუალური ავტომობილის დიზაინის დაწუნებაზე ის გარემოებაც მიუთითებს, რომ ”ასტონ მარტინის” შეფ ულრიხ ბეცის თქმით, მის კომპანიას მოძებნილი ჰყავს ინვესტორი, რომელიც მზადაა, ავტომობილის წარმობისთვის მოსამზადებლად საჭირო 250 მილიონი გირვანქა სტერლინგი გაიღოს. ”მაგრამ ახლა მისი დებიუტისთვის შესაფერისი დრო არ არის. კონცეპცია ჯერაც დასახვეწია, რასაც დრო და დამატებითი ინვესტიცია დასჭირდება”, - ამბობს ბეცი. ფული არის, წარმობის დაწყების სურვილი კი - არა. ”ასტონ მარტინი” ისეთ ავტომობილებს აე აწარმოებს, რომ მათი რეალიზაცია გლობალური ეკონომიკის მდგომარეობაზე იყოს დამოკიდებული. ესე იგი, უგზოობის ”ლაგონდას” პროექტის შეჩერების მთავარი მიზეზი ავტომობილის დიზაინის დაწუნებაა.
ასეა თუ ისე, ”ასტონ მარტინში” უკვე მუშაობენ ახალ კონცეპციაზე, რომელიც ასევე ”ლაგონდას” მარკით წელსვე რომელიმე დიდ გამოფენაზე გამოჩნდება. სავარაუდოდ, ეს დიდი გამოფენა ფრანკფურტის მოტორ შოუ იქნება.
ცნობისათვის, ჟენევაში წარმოდგენილი უგზოობის ”ლაგონდა” ”მერსედეს-ბენცის” GL-ის პლატფორმაზეა აგებული. ის აღჭურვილია ინგლისური კომპანიის V12 ძრავით. ამ ავტომობილის წარმოების დაწყების სავარაუდო დროდ 2012 წელი სახელდებოდა.
No comments:
Post a Comment