”ფერარი F450” ფრანკფურტისთვის ემზადება
Ferrari F450
21 ივლისი
”ფერარი” ფრანკფურტის მოტორ შოუსთვის გამალებით ამზადებს თავის უახლეს მოდელ F450-ს, რომელმაც მარანელოელთა სამოდელო გამაში ჯერაც პოპულარული, თუმცა უკვე მოძველებული F430 სკუდერია უნდა შეცვალოს.
ცნობილია, რომ იტალიური კომპანია თავისი სიახლის საგზაო ტესტებს ჩრდილოეთ იტალიაში ატარებს, სადაც პაპარაცებმა ავტომობილს რამდენიმე მსტოვრული ფოტოც კი გადაუღეს, მაგრამ ის იმდენად საგულდაგულოდაა შენიღბული, რომ ამ ფოტოების მიხედვით, მის გარეგნობაზე თითქმის არაფრის თქმა არ შეიძლება.
ერთადერთი ელემენტი, რასაც მარანელოელები ტესტირების დროს არ მალავენ, წინა მაშუქებია, რომლებიც შესანიღბი შავი ქსოვილით საერთოდ არაა დაფარული. და მაინც, სხვადასხვა საინტერნეტო გამოცემები, რომლებიც შებიღბული ავტომობილების ”გაშიფვრაზე” არიან დახელოვნებულნი, ცდილობენ, რომ მსტოვრული ფოტოების მიხედვით, ახალი სუპერავტომობილის ფოტო რობოტი შეადგინონ. ერთ-ერთი ასეთი საიტი ”ტოპსპიდია” (TopSpeed), რომელმაც F450-ის საკმაოდ რეალური სურათი დახატა და რა თქმა უნდა, ინტერნეტითაც გაავრცელა.
ამ ფოტოების მიხედვით, ავტომობილის გარეგნობაში კუთხოვანი ფორმების სიჭარბე შეინიშნება, რაც ბოლო დროს მოდად იქცა. ისე კი, F450 თავისი წინამორბედის პროპორციებს იმეორებს და უფრო მეტიც, ძრავის ჰაერის ამღები ფოსოები მასაც უკანა ბორბლების თაღების თავზე აქვს მოთავსებული. წინა საბარგული წინა ამობურცულ ფრთებს შორისაა ჩაძირული და რბილად გადადის საქარე მინაში, რაც ავტომობილს დინამიურ გამომეტყველებას ანიჭებს. ყურადღებას ასევე ძრავის გამაგრილებელი სისტემის რადიატორების დიდრონი ჰაერის ამღებები იქცევს.
წინასწარი მონაცემებით, ახალი ავტომობილი, რომელიც ”ფერარის” შიგნით F142-ად მოიხსენიება, F430 სკუდერიას V8 ძრავით აღიჭურვება, რომლის მუშა მოცულობაც ოდნავ, 4.5 ლიტრამდეა გაზრდილი. ძრავთან კი გადაბმულობის ორმაგი ქუროთი, 7-საფეხურიანი, სეკვენტალური კოლოფია დაკავშირებული, რომელიც ასევე მოდელ ”კალიფორნიაზე” გამოიყენება.
რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე, არც F450-ის ფასები გამოქვეყნებულა. ცნობისათვის, ევროპაში F430 სკუდერია 175 000 ევრო, ამერიკაში კი 168 000–227 000 დოლარი ღირს. სავარაუდოდ, ახალი ავტომობილი ამაზე ძალიან ძვირი არ ეღირება.
No comments:
Post a Comment