”აკურა” ქროსოვერ ZDX-ის წარმოებას იწყებს
Acura ZDX
21 ივლისი
”ჰონდას” ჯგუფში შემავალმა ”აკურამ”, რომელიც პრემიუმ კლასის ავტომობილების წარმოებაზეა სპეციალიზებული, საზოგადოებას თავისი ახალი ავტომობილი - ქროსოვერ ”აკურა ZDX-ს” საწარმოო ვერსია წარუდგინა. უკანა ნაწილში დახრილი სახურავით, ეს ავტომობილი უგზოობის კუპეს მოგვაგონებს, ბაზარზე კი ის კონკურენციას ”პორშე კაიენსა” და ”ბეემვე X6-ს” გაუწევს.
”აკურა ZDX” აღჭურვილია 3.7-ლიტრიანი, V6 კონფიგურაციის ბენზინის აგრეგატით, რომლის სიმძლავრეც 300 ცხენის ძალას აღწევს. ძრავთან 6-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფია შეწყვილებული, რომლის გავლითაც, მის მიერ გამომუშავებული მაბრუნი მომენტი სრულამძრავიან სისტემას (SH-AWD) გადაეცემა.
ჯერჯერობით უცნობია, მწარმოებელი ამ ავტომობილზე სხვა ძრავების გამოყენებასაც თუ აპირებს, ასევე არ ქვეყნდება ZDX-ის დინამიკური მახასიათებლები.
სამაგიეროდ ცნობილია, რომ ავტომობილი აღჭურვილია ხმით მართვადი სანავიგაციო სისტემით, ადაპტირებადი კრუიზ კონტროლითა და პანორამული ხედვის სისტემით, რომელიც მძღოლს პარკირებისას საქმეს უადვილებს და ეგრეთ წოდებული მკვდარი ზონების გაკონტროლების საშუალებას აძლევს.
”აკურა ZDX-ის” გაყიდვები ამ ზამთარში დაიწყება. ჯერჯერობით, იაპონური კომპანია თავისი სიახლის ფასებს არ აქვეყნებს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ახალი ავტომობილი ”აკურას” სამოდელო გამაში უგზოობის MDX-სა და სედან RL-ს შორის ნიშას დაიკავებს, შეიძლება ვარაუდი, რომ ZDX-ს ღირებულება 40-46 ათას დოლარს შორის მოექცევა.
No comments:
Post a Comment