ლოებს ფორმულა 1-ში გადასვლს სურს
Formula 1
11 ივლისი
ფრანგულ გაზეთ ”ეკიპის” ცნობით, კლასიკურ რალიში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა, ფრანგმა სებასტიან ლოებმა ”ტორო როსოს” ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ თავისი კარიერის ფორმულა 1-ში გაგრძელებითაა დაინტერესებული და მზადაა, გუნდში თავისი თანამემამულე სებასტიან ბურდე შეცვალოს.
”ტორო როსოდან” ბურდეს გაშვება კი ფაქტობრივად გადაწყვეტილია. იმავე ”ეკიპთან” საუბარში, გუნდის შეფმა ფრანც ტოსტმა განაცხადა, რომ გუნდში ბურდეს დარჩენა იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ იასპარეზებს ის გერმანიის დიდ პრიზზე. სავარაუდოდ, სწორედ ნურბურგრინგის შემდეგ უნდა ველოდოთ ”ტორო როსოში” ცვლილებას.
ვრცელდება ხმები იმის შესახებ, რომ უნგრეთის დიდ პრიზზე ბურდეს ნაცვლად ”ტორო როსოს” სათადარიგო პილოტს, ესპანელ ხაიმე ალგერსუარის ვიხილავთ. მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ გუნდის ხელმძღვანელობამ გაცილებით გამოცდილი და სახელოვანი ლოები არჩიოს, რომელსაც დამატებითი რეკლამის მოზიდვაც შეუძლია.
”ჯერჯერობით, ფორმულა 1-ის და რალის მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპები დროში ერთმანეთს არ ემთხვევა. ამიტომ, ყველაფერი შესაძლებელია. თუ ”ტორო როსოში” ვაკანსია გამოჩნდება, მის დასაკავებლად მზად ვარ. მინდა ვთქვა, რომ რალისა და ფორმულა 1-ს შორის დიდი სხვაობაა. ფორმულა გაცილებით დამღლელია და კარგ ფიზიკურ გამძლეობას მოითხოვს, 70 წრის გასაძლებად კი დღეს მზად არ ვარ”, - ”ეკიპთან” საუბრისას განაცხადა ლოებმა.
ცნობისათვის, სეზონებს შორის, რალის ფრანგმა ლეგენდამ ”რედ ბულის” ტესტებში მიიღო მონაწილეობა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ”ეკიპი” კი ფვამცნობს, რომ ცოტა ხნის წინ, ლოები მილტონ კეინსში, ”რედ ბულის” შტაბ-ბინაში იმყოფებოდა, სადაც სარბოლ სიმულატორზე ინტენსიური მზადების კურსი გაუვლია.
და მაინც, უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად ლოები რალის მსოფლიო ჩემპიონატზე, მეექვსე ტიტულისთვის იბრძვის და ამიტომ, ფორმულა 1-ში მისი გადასვლა ნაკლებად სავარაუდოა. მაგრამ როდესაც მას ”სიტროენთან” კონტრაქტი ამოეწურება, გამორიცხული არაფერი იქნება.
”სიტროენის” საქარხნო გუნდის შეფი ოლივიე კვესნელი დარწმუნებულია, რომ ლოები ბურდეს არ შეცვლის: ”სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ”ტორო როსოში” ბურდეს ლოები არ შეცვლის. საერთოდ, არ მიკვირს, რომ სებასტიანს ფორმულა ერთში გამოსვლის სურვილი აქვს. ეს მისი ოცნებაა. მაგრამ ტყუილი ოცნება უსარგებლო და მავნებელია”.
დაბოლოს, გარდა იმისა, რომ ხუთჯერ იყო რალის მსოფლიო ჩემპიონი, ლოებს სხვა რბოლებშიც გამოუჩენია თავი. მაგალითად, სამჯერ მოიგო ჩემპიონთა რბოლა, რომელშიც სხვადასხვა სერიის (მათ შორის, ფ1-ისაც) საუკეთესო პილოტები მონაწილეობან, სამი წლის წინ კი, ლე მანის 24-საათიან რბოლაში მეორე ადგილი დაიკავა. რაც შეეხება ბურდეს, 2004-2007 წლებში ის ზედიზედ ოთხჯერ გახდა ჩემპ ქარის (წლევანდლამდე ინდი ქარის კონკურენტი სერია იყო) მსოფლიო სერიის ჩემპიონი.
No comments:
Post a Comment