Wednesday, July 15, 2009

ინდურმა ჯუჯამ ბრიტანული ქრეშ ტესტი ჩააბარა

Tata Nano

15 ივლისი



მსოფლიოში ყველაზე იაფფასიან ავტომობილზე, ინდურ ”ტატა ნანოზე” ინდოეთში ნამდვილი ტაციაობაა. სულ რამდენიმე დღე იყო საკმარისი იმისათვის, რომ ინდურ კომპანიას ასი ათას ”ნანოზე” მიეღო შეკვეთა. წარმოება ჯერ ადგილობრივი ბაზრის შეკვეთებს ვერ აუდის, კომპანიის შეფი რატან ტატა კი 2 000 დოლარად ღირებულ ავტომობილს უკვე ევროპის ბაზრისთვისაც კი ამზადებს.

მზადება კი სერიოზულ სტადიაშია - ”ნანომ” უკვე გაიარა ქრეშ ტესტები (პირდაპირ და გვერდითა დაჯახებაზე) და ბრიტანეთის ავტომობილების სერტიფიკაციის სამსახურისგან მწვანე შუქიც დაიმსახურა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს წინასწარი გამოცდები იყო და მათზე ”ნანო” სპეციალურად მომზადებული წარსდგა.

კერძოდ, ტესტებისთვის მომზადებული ავტომობილი აღჭურვილი იყო წინა აირბალიშით, მისი წინა ნაწილის სივრცული სტრუქტურა გაძლიერებული იყო დამატებითი ტიხრებით. გარდა ამისა, წინა ბამპერის საყრდენი სტრუქტურაც ფოლადის დამატებითი ფურცლებით გაძლიერდა. დამატებითი, მძლავრი ტიხრები დაემატა კარის ჩარჩოს. ავტომობილმა კიდევ არაერთი ახალი დეტალი მიიღო.

ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ევროპისთვის განკუთვნილი ”ნანო” ინდურ ვერსიაზე 15 სანტიმეტრით გრძელი და 5 სანტიმეტრით განიერი იქნება. მის კაპოტქვეშ კი იგივე 625 კუბური სანტიმეტრი მოცულობის 2-ცილინდრიანი ძრავი მოთავსდება, რომლითაც მის ინდურ ვერსიას უშვებენ, თუმცა ძრავს ტურბოკომპრესორი მოემსახურება, რომლის წყალობითაც, მისი სიმძლავრე 36-დან 56 ცხენის ძალამდე გაიზრდება. ნუ გაგეცინებათ, ეს ჩვეულებრივი ავტომობილებისთვისაა ძალიან ცოტა, თორემ ”ნანოს” თავზეც გადაუვა. დანარჩენი კი ევროპელ და ინდოელ ”ნანოს” ერთნაირი ექნება.

რატან ტატა პირობას იძლევა, რომ ევროპულ ქრეშ ტესტებზე მისი კომპანიის ჯუჯა ოთხვარსკვლავიან (სისტემა ხუთვარსკვლავიანია) შეფასებას დაიმსახურებს. მაგრამ ჩვენ დავამატებთ, რომ ფასიც აუცილებლად მნიშვნელოვნად გაიზრდება...

No comments:

Post a Comment