”ჯენეზის კუპეთი” დაპყრობილი პაიკს პიკი
Genesis Coupe
20 ივლისი
გასულ უქმეებზე, ავტოსპორტული ამერიკის ყურადღება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რბოლის, პაიკს პიკისკენ იყო მიპყრობილი, რომელიც მსოფლიოში ურთულეს სამთო რბოლადაა მიჩნეული. ამ რბოლისთვის, ყველა გუნდი ისეთივე მონდომებით ემზადება, როგორც, ვთქვათ, ლე მანის 24-საათიანი რბოლისთვის მისი მონაწილენი მთელი წლის განმავლობაში ემზადებიან ხოლმე.
ასეთ გუნდებს შორისაა ”ჰიუნდაი”, რომელმაც პაიკს პიკზე პირველად გამოიყვანა მანქანა. ამისათვის, კორეულმა კომპანიამ თავისი სარბოლი ავტომობილი კლას ”RWD ტაიმ ატაკისთვის”, კუპე ”ჯენეზისის” ბაზაზე მოამზადა და რბოლა ბრწყინვალე შედეგით დაასრულა.
რალის, დრიფტის და წრიული რბოლების ახალზელანდიელმა სპეციალისტმა რაის მილენმა, თავისი სპეციალური ”ჯენეზისით”, თითქმის 20-კილომეტრიანი დისტანცია, რომელზეც 156 ურთულესი მოსახვევი იყო გასავლელი, 12 წუთსა და 09.397 წამში განვლო და კლას ”RWD ტაიმ ატაკის” ძველი რეკორდი, რომელიც მასვე ეკუთვნოდა, 22 წამზე მეტით გააუმჯობესა. თანაც, ფინიშის ხაზზე ისე გაიარა, უკანა ბორბლებს საბურავები აღარ შერჩენოდა და ავტომობილი ფოლადის დისკებზე იდგა.
”ეს შესანიშნავი მანქანაა და ათასობით მაყურებლის წინაშე, მისით ასპარეზობა ჩემთვის დიდი პატივი იყო. ფინიშამდე უკანა საბურავებმა ვერ გამიძლო, მანქანას კი ეს თითქმის არც უგრძვნია. საერთოდ, პაიკს პიკი აბსოლუტურად ყველასგან გამორჩეული რბოლაა და ორმაგად სასიამოვნოა, როდესაც მასზე საკუთარი რეკორდის გასაუმჯობესებლად გამოდიხარ და მიზანს აღწევ. ეს ფანტასტიკურია”, - ნაბოლევს განაცხადა მილენმა, ვინც უახლოესი მდევარი წუთზე მეტით ჩამოიტოვა.
No comments:
Post a Comment