Wednesday, July 15, 2009

”იაგუარმა” ახალი ფლაგმანი წარმოადგინა

Jaguar XJ

15 ივლისი



რამდენიმე დღის წინ, ლონდონში გაიმართა იაგუარის სამოდელო გამის ფლაგმან XJ-ს ახალი ვერსიის პრემიერა. კომპანიის ევროპელი დილერები ახალ ავტომობილზე შეკვეთებს უკვე ღებულობენ, მისი მიწოდება კი მომავალი წლიდან დაიწყება.

ახალი სედანი ძველი XJ-ს ბაზაზეა აწყობილი. მათ თითქმის ერთი ზომის ბაზა აქვთ. გარდა ამისა, ახალი XJ-ც, ძველის მსგავსად, ორ, სტანდარტულ და გრძელ ბაზაზე დამზადდება. პირველ შემთხვევაში, ბაზის სიგრძე 3035 მილიმეტრია, მეორე შემთხვევაში კი - 3160 მილიმეტრი. გარდა ბაზისა, ამ ორი ავტომობილის გარე გაბარიტებიც თითქმის ერთნაირია.

ახალ სედანს ალუმინისგან დამზადებული ძარა აქვს. ბრიტანული კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ალუმინის ძარის წარმოების ტექნოლოგია აეროკოსმოსური სფეროდანაა ნასესხები. ამის შედეგი კი ისაა, რომ ავტომობილი 1650 კილოგრამს იწონის, რაც მთავარი კონკურენტების, ”მერსედეს-ბენცის” S-კლასის და ”ბეემვეს” მე-7 სერიის სედანების წონაზე 250 კილოგრამით ნაკლებია. ცნობისათვის, ამ ავტომობილების ძარა ფოლადის ფურცლებისგან მზადდება.

უფრო მეტიც, ”იაგუარ XJ-ს” აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი სულ რაღაც 0.29-ია, რაც კომპანიის სამოდელო გამაში შემავალი ავტომობილებისთვის საუკეთესო მაჩვენებელია. ავტომობილის საბარგულის მოცულობა 520 ლიტრს აღწევს.

”იაგუარ XJ-ს” წამყვანი უკანა ბორბლები აქვს. მისთვის სამი 5.0-ლიტრიანი V8 ბენზინის ძრავია გათვალისწინებული, რომელთაგან ზოგი ატმოსფერულია, ზოგს კი მექანიკური დამჭირხნი ემსახურება. ძრავების სიმძლავრე 380, 510 და 470 ცხენის ძალაა. ასევე შესაძლებელი იქნება 3.0-ლიტრიანი, ორი ტურბოკომპრესორით აღჭურვილი დიზელის ძრავის დაყენება, რომლის სიმძლავრეც 275 ცხენის ძალა, მაბრუნი მომენტი კი 500 ნიუტონმეტრია. ყველა ძრავთან 6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი შეწყვილდება, რომელსაც კომპანია ZF აწარმოებს. ამ კოლოფზე საფეხურების შეცვლა საჭის რგოლის უკან განლაგებული ბერკეტებითაა შესაძლებელი.

”იაგუარ XJ-ს” საბაზო აღჭურვილობაში შევა პანორამული სახურავი, ადაპტირებადი საკიდარი ”ედეპტივ დაინემიქსი”, ელექტრონულად მართვადი აქტიური დიფერენციალი, ”ბოუერს ენდ უილკინსის” წარმოების 1 200-ვატიანი აუდიოსისტემა, რომელსაც 20 დინამიკი და 15-არხიანი გამაძლიერებელი ემსახურება, ასევე ცენტრალურ კონსოლზე განლაგებული 8-დუიმიანი მონიტორი, რომელზეც მძღოლისა და წინა მგზავრის სავარძლიდან ერთდროულად, ორი განსხვავებული გამოსახულების ნახვა შეიძლება.

”იაგუარ XJ-ს” ყველაზე ხელმისაწვდომი, დიზელისძრავიანი ვერსია ბრიტანეთში 52 500 გირვანქა სტერლინგი ღირს (მისი გრძელბაზიანი ვერსია 3 000 სტერლინგით ძვირია), ტოპ ვერსიის ღირებულება კი 88 000 სტერლინგს აღწევს.

No comments:

Post a Comment