Wednesday, July 15, 2009

”ნუნა5-ის” ავსტრალიური მისია

Nuna5

15 ივლისი


ჰოლანდიის დელფტის უნივერსიტეტის ჯგუფმა, სახელად ”ნუონ სოლარ ტიმ”, რომელმაც იმით გაითქვა სახელი, რომ ოთხი წლის განმავლობაში, მზის ელემენტებზე მომუშავე ავტომობილების გარბენ ”უორლდ სოლარ ჩელენჯზე” გამარჯვებას არავის უთმობს, ამავე ტიპის ახალი ავტომობილი - ”ნუნა5” შექმნა.

ახალი ავტომობილის ზედა ნაწილი 6 კვადრატული მეტრი მზის ელემენტებითაა დაფარული, თუმცა წინამორბედზე 30 კილოგრამით მსუბუქია და მთლიანობაში, მძღოლის გარეშე, 160 კილოგრამს იწონის. მზის პანელები (სულ ასეთი 15-ია) 2120 ცალი უჯრედისგან შედგება, რომლებიც გალიუმის არსენიდისგანაა დამზადებული. პანელების მარგი ქმედების კოეფიციენტი 34 პროცენტს შეადგენს. მზის პანელებით გამომუშავებული ენერგია კი ავსტრალიურ კომპანია CSIRO-ს მიერ დამზადებულ, ბორბალში ჩამონტაჟებულ ელექტროძრავს მიეწოდება, რომელიც 97-პროცენტიანი პიკური დატვირთვის დროს, 50 ნიუტონმეტრ მაბრუნ მომენტს იძლევა.

როდესაც მზის ელემენტები საჭიროზე მეტ ენერგიას გამოიმუშავებს, ჭარბი ენერგია ლითიუმის პოლიმერულ აკუმულატორებს მიეწოდება, რომლებიც 25 კილოგრამს იწონის. ”ნუნა5-ის” აეროდინამიკური წინააღმდეგობა ჩვეულებრივი ავტომობილისაზე 12-ჯერ მცირეა, ულტრაწვრილი ბორბლების გორვის წინააღმდეგობა კი - 10-ჯერ ნაკლები.

მზის ელემენტებზე მომუშავე ავტომობილების რბოლები ავსტრალიაში ყოველწლიურად ტარდება და ამ ტიპის მანქანებისთვის ეს ურთულეს გამოცდად ითვლება. გარბენის მონაწილეებს, კონტინენტის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ დარვინიდან სამხრეთის ქალაქ ადელაიდამდე 3 000 კილომეტრზე მეტის გავლა, მეტწილად უდაბნოში უწევთ. დაღამებისას, გარბენის მონაწილეებს ბანაკის გამართვა იქ უწევთ, სადაც მათ მანქანებს ენერგია გამოელევათ.

”ნუონ სოლარ ტიმს” ახალი ავტომობილით დიდი ავსტრალიური გარბენის ზედიზედ მეხუთედ მოგება აქვს განზრახული. ”უორლდ სოლარ ჩელენჯის” წლევანდელი გარბენი კი სტარტს 25 ოქტომბერს აიღებს.

No comments:

Post a Comment