შელბი დაიტონა კუპე აუქციონზე გაიყიდება
Shelby Daytona Cobra Coupe CSX2601
15 ივლისი
ლეგენდარული ავტომობილი ”შელბი დაიტონა კობრა კუპე CSX2601”, რომელსაც ხშირად ამერიკის ყველაზე ძვირადღირებულ ავტომობილადაც მოიხსენიებენ, მალე აუქციონზე გასაყიდად გამოვა. ამ ავტომობილის ძარა მოდენაში, იტალიური დიზაინ-ატელიე ”კაროსერია გრანდ სპორტის” სპეციალისტებმა 1965 წელს შექმნეს. ლეგენდარულმა ავტომრბოლმა და ავტოინჟინერმა ქეროლ შელბიმ სახელი სწორედ მისი მეშვეობით გაითქვა.
აუქციონი შტატ კალიფორნიის ქალაქ მონტერეიში, 15 აგვისტოს გაიმართება და იქ ავტომობილს აუქციონებზე სპეციალიზებული კომპანია ”მეკუმ ოქშენი” გამოიტანს. ამავე კომპანიამ CSX2601-ს გაყიდვა ორი თვის წინაც სცადა, მაგრამ ინდიანაპოლისში (შტატი ინდიანა) ჩატარებულ აუქციონზე ავტომობილს მყიდველი არ გამოუჩნდა.
მაშინ, აუქციონერები იმედოვნებდნენ, რომ მისი ფასი 10-15 მილიონი დოლარის ფარგლებში მოექცეოდა, მაგრამ ვაჭრობა მაშინ შეწყდა, როდესაც ფასმა 6.8 მილიონ დოლარს მიაღწია. მოგვიანებით, ”მეკუმმა” 7.5 მილიონდოლარიანი შეთავაზებაც მიიღო, მაგრამ ”შელბი დაიტონა კუპე” მაინც არ გაიყიდა, რადგან აუქციონერმა მოცდა ამჯობინა - კომპანიის სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ”CSX2601 შესაფერის ადგილზე უკეთ გაიყიდება”. როგორც ჩანს, შესაფერის ადგილად მონტერეია მიჩნეული.
”ბევრ სარბოლ საკოლექციო ავტომობილს არანაკლებ სახელოვანი ისტორია აქვს, მათ შორის, ამ მანქანის ნათესავ CSX 2299-ს, მაგრამ ”შელბი დაიტონა კობრა კუპე CSX2601” მაინც განსაკუთრებულია. ამ ავტომობილით ”შელბიმ” ”ფერარი” მისსავე ტერიტორიაზე - მონცაზე დაამარცხა, რაც ამერიკის სარბოლ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მომენტი იყო”, - ამბობს ”მეკუმ ოქშენზის” პრეზიდენტი დანა მეკუმი.
No comments:
Post a Comment