ჯეი ლენოს ახალი შენაძენი
Jay Leno
18 ივლისი
ჯეი ლენო და მისი სკანერ-პრინტერიამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელეწამყვანი ჯეი ლენო, ვისაც 1992 წლიდან მოყოლებული, ტელეკომპანია ენბისის პოპულარული ტოკ-შოუ ”ღამის შოუ ჯეი ლენოსთან ერთად” მიჰყავს, წლევანდელიდან კი იმავე ტელეარხზე ”ჯეი ლენოს შოუს” წამყვანია, საავტომობილო სამყაროში უნიკალური ავტო კოლექციითაა ცნობილი. მის ფარეხში ისეთ იშვიათ ავტომობილებსაც კი შეხვდებით, რომლებსაც წინა საუკუნის დასაწყისში, ერთეულებს ამზადებდნენ.
ბუნებრივია, იშვიათი და დროთა განმავლობაში გვარიანად შელახული ავტომობილების რესტავრაცია დიდ ძალისხმევას, მოთმენას და სოლიდურ სახსრებს მოითხოვს, მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, რომ ზოგიერთი ავტომობილის დაზიანებული დეტალის აღდგენა, ან შეცვლა შეუძლებელია. ამის გამო, კოლექციონერები ხშირად კერძო სახელოსნოებს აკითხავენ, რომლებიც მათთვის სასურველ დეტალებს ძალიან ძვირად ამზადებენ.
მაგრამ ამიერიდან, მათ სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდათ თავად ლენოს სახით, ვინც რამდენიმე დღის წინ, საზოგადოებას უნიკალური დანადგარის შეძენის შესახებ ამცნო. ტელევარსკვლავმა, რომელმაც ახლახანს ”იაგუარის” უახლესი ფლაგმანის, სედან XJ-ს პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა, ”ნექსტენჯაინ 3D” სკანერი და ”იდმენშნ 3D” პრინტერი შეიძინა. ეს დანადგარები იმითაა გამორჩეული, რომ მათი მეშვეობით, ნებისმიერი ავტომობილის ნებისმიერი დეტალის ასლის დამზადება შეიძლება.
”ამ განსაკუთრებული დანადგარებით, ნებისმიერი ფორმის დეტალს დავამზადებ. სკანერი წამში 50 000 წერტილს აფიქსირებს და უმაღლესი ხარისხის ციფრული მოდელის შექმნა შეუძლია”, - ამბობს ლენო.
დანადგარები შემდეგი პრინციპით მოქმედებენ: სკანერის სპეციალურ სეგმენტში იდება ის დეტალი, რომლის აღდგენაცაა საჭირო. სკანერი მის ციფრულ სურათს ადგენს და მას პრინტერს გადასცემს, რომელიც პლასტიკური მასისგან მოდელს ამზადებს. შემდეგ მოდელი სპეციალიზებულ სახელოსნოში იგზავნება, სადაც მისგან ყალიბებს იღებენ და მათში დეტალის ნამზადს ასხამენ. ნამზადის დამუშავების შემდეგ კი ის საბოლოო სახეს ღებულობს და გამოყენებისთვის მზადაა.
დეტალის სკანირებისთვის დაახლოებით 20 წუთია საჭირო, პრინტერი კი პლასტიკატის მოდელს დაახლოებით 3 საათში ქმნის. რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი დრო ყალიბების შექმნაზე, ნამზადის ჩამოსხმასა და მის დამუშავებაზე მიდის. სამაგიეროდ, მინიმუმამდეა დაყვანილი ხელით შრომა, რაც საბოლოო პროდუქტს მნიშვნელოვნად აიაფებს.
ლენო ამბობს, რომ თუ გაქვთ ”ფერარის” ძრავი, რომელიც მთელს მსოფლიოში ერთადერთია, შეგიძლიათ ის მთლიანად დაშალოთ და მისი სკანერ-პრინტერის მეშვეობით, თითოეული დეტალის ასლი დაამზადოთ. ამის შემდეგ კი თქვენი უიშვიათესი ავტომობილით ყოველდღიურ სარგებლობას მისი გაფუჭების შიშის გარეშე შესძლებთ, ან სამარქაფოდ, მეორე ძრავს ააწყობთ.
ლენოს თქმით, სკანერი მან 2 995 დოლარად შეიძინა, პრინტერში კი 15 000 დოლარი გადაიხადა. ”რა თქმა უნდა, მათი ყიდვა საკმაოდ ძვირი დამიჯდა, მაგრამ სამაგიროდ, მათი მეშვეობით ისეთი დეტალების დამზადება შემიძლია, რომლებიც ამ ორ დანადგარზე ათჯერ უფრო ძვირი ღირს”, - ამბობს ამერიკელი კოლექციონერი.
No comments:
Post a Comment