Wednesday, July 22, 2009

”როლს როისმა” ”გოუსტის” მონაცემები გამოაქვეყნა

Rolls-Royce Ghost

22 ივლისი

ჟენევის ავტო შოუზე, გოუსტი 200EX-ად გაგვაცნეს
.............................................................................................

გუშინ ”როლს როისმა” თავისი ახალი ავტომობილის, ”გოუსტის” მახასიათებლები გამოაქვეყნა. ავტომობილი, რომელსაც სახელის შერქმევამდე, ”ბეიბი როლსად” მოიხსენიებდნენ და რომლის მსოფლიო პრემიერაც სექტემბერში ფრანკფურტის საერთაშორისო მოტორ შოუზე გაიმართება, ინგლისური კომპანიის სამოდელო გამაში, ”ფანტომის” დაბლა დაიკავებს ადგილს.

გამოქვეყნებული პრეს რელიზით მწარმოებელი გვაუწყებს, რომ ავტომობილი 6.6-ლიტრიანი V12 ტურბოძრავითაა აღჭურვილი, რომელთანაც კომპანია ZF-ის მიერ შემუშავებული, 8-საფეხურიანი, ავტომატური გადაცემათა კოლოფია შეწყვილებული. ძრავის სიმძლავრე 570 ცხენის ძალას აღწევს, მისი მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 780 ნიუტონმეტრი, მუხლა ლილვის 1 500 ბრ/წთ-ზე მიიღწევა. ამ აგრეგატების მეშვეობით, ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება ”გოუსტს” 4,9 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ-ითაა შეზღუდული.

ავტომობილი ”ბეემვე 760 Li-ს” დაგრძელებულ პლატფორმაზეა აგებული. მისი სიგრე 5399 მმ, ბაზა 3295 მმ, სიგანე 1948 მმ და სიმაღლე 1550 მილიმეტრია. ამგვარად, ის ”ფანტომთან” შედარებით პატარა კია, მაგრამ გაბარიტებით მაინც ლუქსის კლასის ყველა ავტომობილს აღემატება.

ავტომობილი ინტელექტუალური პნევმო საკიდარითაა აღჭურვილი, რომელიც ადაპტირებად ამორტიზატორებთან ერთად, ელექტრონიკით იმართება. კომპიუტერი საკიდარის მუშაობას ყოველ 2.5 მილიწამში აკონტროლებს და მის მახასიათებლებს, გარედან, ამორტიზატორებზე განლაგებული სენსორების მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად ცვლის. საკიდარი იმდენად მგრძნობიარეა, რომ მას უკანა სავარძელზე, მგზავრის ერთიდან მეორე მხარეს გადასვლასაც კი აფიქსირებს და ამორტიზატორების მახასიათებლებს შესაბამისად ცვლის. გზის საფარისა და მოძრაობის სიჩქარის შესაბამისად, კომპიუტერის ბრძანებით, საკიდარს ავტომობილის კლირენსის 25 მილიმეტრით აწევა/დაწევა შეუძლია.

წლის დასაწყისში კომპანიამ გამოაცხადა, რომ ”გოუსტის” წყალობით, მისი გუდვუდის ქარხანის წარმოების გაორმაგებაა ნავარაუდები. ამასთან, ”როლს როისის” ამ ახალი ავტომობილით ოფიციალური დაინტერესება უკვე 10 000-ზე მეტ ადამიანს (პოტენციურ მყიდველს) გამოუთქვამს.

ევროპაში ”გოუსტის” გაყიდვები ამ წლის ბოლო დაიწყება. ძველ კონტინენტზე მისი ფასი 213 000 ევროა. ამერიკასა და სხვა რეგიონებში ამ ავტომობილის ყიდვა კი მერმისიდან იქნება შესაძლებელი და იქ მისი ფასი 250 000 დოლარია.

No comments:

Post a Comment