Wednesday, July 22, 2009

”მერსედეს-ბენც SLS AMG” ”თოლიის ფრთით”

Mercedes Benz SLS AMG ‘Gullwing’

22 ივლისი


უკვე რამდენიმე თვეა, რაც ”მერსედეს-ბენცი” გერმანიის ნურბურგრინგის ტრასის ჩრდილოეთს მარყუჟზე ტესტირებას უტარებს თავის ახალ სუპერავტომობილ SLS AMG-ს, რომელმაც უკვე კარგა ხნის წინ მოძველებული SLR უნდა შეცვალოს. როგორც ავტომობილის სახელწოდებიდანაც ჩანს, მის შექმნაში მონაწილეობას შტუტგარტული კომპანიის შვილობილი, ტუნინგზე გაწაფული ატელიე AMG-ც აწარმოებს. უფრო სწორედ, საქმე მთლიანად ამ ფირმის სპეციალისტებისთვისაა მინდობილი.

ახალი ავტომობილის მსოფლიო პრემიერა სექტემბერში, ფრანკფურტის საავტომობილო შოუზე იგეგმება, თუმცა ”დაიმლერმა” მის შესახებ უკვე ბევრი ინფორმაცია გაავრცელა. მართალია, ავტომობილი ჯერაც გვარიანად შენიღბულ მდგომარეობაში გადის საგზაო გამოცდებს, თუმცა ცნობილია, რომ მას ეგრეთ წოდებული თოლიის ფრთის მსგავსი კარებები ექნება, როგორც 50-იანი წლების ლეგენდარულ ”SL გალვინგს” (გალვინგ სწორედ თოლიის ფრთას ნიშნავს) ჰქონდა.

სამაგიეროდ, სახელოვანი წინაპრისგან განსხვავებით, ახალი ავტომობილი ალუმინის პროფილებისგან დამზადებულ მოცულობით ჩარჩოს დაეყრდნომა. ალუმინის ფართოდ გამოყენებით, მწარმოებელმა ავტომობილის მასის შემცირებას (1 620 კგ-მდე) და გრეხვაზე შასის სიხისტის გაზრდას მიაღწია, რასაც სპორტული ავტომობილისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ამასთან, წინა და უკანა ღერძებს შორის წონა თითქმის იდეალურადაა განაწილებული - წინა ღერძზე წონის 48 პროცენტი მოდის, უკანაზე კი - 52.

SLS AMG-ს მამოძრავებელ ძალას AMG-ს სპეციალისტების მიერ დამუშავებული 6.2-ლიტრიანი V8 ძრავი ანიჭებს, რომელთანაც ორდისკოიანი გადაბმის ქუროს მეშვეობით, 7-საფეხურიანი სეკვენტალური კოლოფია დაკავშირებული. ტრანსმისია კი მაბრუნ მომენტს უკანა წამყვან ბორბლებს აწვდის.

ძრავის პიკური სიმძლავრე 571 ცხენის ძალას, მაბრუნი მომენტი კი 650 ნიუტონმეტრს აღწევს. მოდერნიზაციის დროს, ძრავს შეეცვალა საწვავი ნარევის შეშვების სისტემა, რომელიც ალუმინისა და მაგნიუმის შენადნობისგან დამზადდა, ასევე შეიცვალა გამომშვები სისტემა, ელექტრონულად მართვადი აქსელერატორის ფირფიტები და ძრავის შეზეთვის სისტემა, რომელსაც ეგრეთ წოდებული მშრალი კარტერი აქვს. ძრავი ავტომობილის წინ, ოღონდ, წინა ღერძის უკან განთავსდა, რითაც AMG-ს ინჟინრებმა წონის თანაბრად განაწილებას შეუწყვეს ხელი.

ყველაფრის შედეგი ისაა, რომ SLS AMG-ს 0-100-მდე აჩქარება 3.8 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 315 კმ/სთ-ს აღწევს. სხვათა შორის, ასეთ დინამიკას ის ფაქტორიც განაპირობებს, რომ AMG-ს სპეციალისტების მიერ შექმნილი გადაცემათა კოლოფი, საფეხურების შეცვლაზე მინიმალურ დროს ხარჯავს, რითაც ბრუნვის რიცხვს უდანაკარგოდ ინარჩუნებს.

ელექტრონიკის დახმარებით, მძღოლს ავტომობილის მართვა ოთხ რეჟიმში შეუძლია. შესაძლებელია ავტომობილის როგორც კომფორტული, ასევე სპორტული, ექსტრემალურად სპორტული და სარბოლი რეჟიმებით მართვა. მათი არჩევისას, შესაბამისად ”განეწყობა” საკიდარიც, რომელიც ძირითადად ალუმინის დეტალებისგან შედგება. ესოდენ ტემპერამენტიანი ავტომობილის დამუხრუჭებას კი კარბონ-კერამიკული სამუხრუჭე სისტემა ემსახურება, რომლის დისკებიც 19-დუიმიან, ალუმინის შენადნობისგან დამზადებულ ბორბლებშია მოთავსებული.

საინტერესოა ასევე SLS AMG-ს ზომები. მისი სიგრძე 4.65 მ, სიგანე 1.95 მ, სიმაღლე 1.25 მ და ბორბლებს შორის ბაზა კი 2.7 მეტრია.

დაბოლოს ავტომობილის ფასის შესახებ. ის ჯერ საბოლოოდ დადგენილი არაა, თუმცა მოსალოდნელია, რომ 300 000 დოლარის ფარგლებში იქნება. შტუტგარტელები იმედოვნებენ, რომ ასეთი სიძვირის მიუხედავად, წელიწადში 3 000-5 000 SLS AMG-ს გაყიდვას შესძლებენ, რომელმაც კონკურენცია ”ლამბორგინი გალიარდოსა” და ”ფერარის” უახლეს F450-ს უნდა გაუწიოს. ”მერსედეს-ბენცის” დილერთა შოურუმებში SLS AMG მერმის, წლის პირველ ნახევარში გამოჩნდება.

No comments:

Post a Comment