Sunday, August 30, 2009

”ბეემვეს” კონცეპცია ”ვიჟნ ეფიციენტდაინემიქსი”

BMW Vision EfficientDynamics

30 აგვისტო





ფრანკფურტის წლევანდელი საავტომობილო შოუ ყველაზე ”მწვანე” იქნება მსოფლიოს უდიდეს საავტომობილო გამოფენებს შორის. მისი ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი კი აუცილებლად გახდება ”ბეემვეს” კონცეპტუალური ავტომობილი უცნური სახელწოდებით ”ვიჟნ ეფიციენტდაინემიქს”, რაც შეიძლება ითარგმნოს, როგორც ”ეფექტური დინამიკის ხედვა”.

ამ ავტომობილმა პრესაში აჟიოტაჟი მასზე პირველი ინფორმაციის გავრცელებისთანავე გამოიწვია. ზოგის მოლოდინით, ის უნდა ყოფილიყო კუპეს ტიპის ავტომობილი, ზოგი ოთხკარიან სედანს (ან კუპეს) ელოდა, შიგადაშიგ კი იყო ლაპარაკი ჰიბრიდზე, რომლის შიდაწვის ძრავსაც სამი ცილინდრი უნდა ჰქონოდა. თავად ბავარიელები კი აცხადებდნენ, რომ ამ კონცეპციით ისინი ყველას უჩვენებდნენ, რომ ეკონომიურობის მკვეთრად გაუმჯობესება მხოლოდ კარგად დამუშავებული აეროდინამიკითაც შეიძლება.

გუშინ კი ”ბეემვემ” ამ კონცეპციის შესახებ მწირი ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლიდანაც ჩანს, რომ ოთხკარიანი ვარიანტის გარდა, დანარჩენი თითქმის ყველა მოლოდინი გამართლდა.

უპირველეს ყოვლისა, ფოტოებიდან ჩანს, რომ ”ვიჟნ ეფიციენტდაინემიქსი” სპორტული, ორკარიანი ავტომობილია, რომელსაც ორივე კარი ”ლამბორგინის” სტილში, ქვევიდან ზევით ეხსნება. მის სალონში ოთხი სავარძელია მოთავსებული. მათ შორის არსებული ტიხარი კი სარბოლი ბოლიდის კოკპიტის შთაბეჭდილებას ტოვებს.

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ კონცეპტუალური ავტომობილი ძალიან დახვეწილი და ეფექტური აეროდინამიკით გამოირჩევა. ჯერ ერთი, მისი აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი სულ რაღაც 0.22-ია. შედარებისთვის, სერიულ ავტომობილებში ეს მაჩვენებელი ყველაზე ხშირად 0.30-ის დონეზეა. გარდა ამისა, ავტომობილს გარსშემოდენილი ფორმა აქვს, რისი წყალობითაც, ჰაერის ნაკადი მისი ძარის არცერთ ნაწილს მკვეთრად არ სწყდება. თანაც, ეს ნკადიზი თითქმის ყოველთვის სასარგებლო სამუშაოსაც ასრულებს.

უაღრესად დახვეწილი აეროდინამიკის გარდა, ავტომობილი სიმსუბუქითაც გამოირჩევა, რასაც მასში უხვად გამოყენებული ალუმინი და მისი შენადნობები განაპირობებს. შასი, ძარა და საკიდარი - თითქმის მთლიანად ალუმინის შენადნობებისგანაა დამზადებული. შუშა კი პოლიკარბონტმა შეცვალა. სალონში კი კევლარის ნაწილები, პანელები და დეტალები სჭარბობს.

კონცეპციის მეორე მთავარი ღირსება მისი ძალური დანადგარი - პლაგ-ინ ჰიბრიდული აგრეგატია, რომელშიც უნისონში სამცილინდრიანი ტურბოდიზელი და ორი ელექტროძრავი მუშაობს. 1.5-ლიტრიანი შიდაწვის ძრავს საწვავი უშუალოდ წვის კამერაში მიეწოდება, მისი სიმძლავრე 163 ცხენის ძალაა. რაც შეეხება ელექტროძრავებს, თითოეული მათგანი ცალკე ღერძს ემსახურება. ამასთან, წინა ღერძისა უფრო მძლავრია. სამივე ძრავის ჯამური სიმძლავრე კი 356 ცხენის ძალას აღწევს.

სამივე ძრავს მუშაობა ცალ-ცალკეც შეუძლია და ერთდროულადაც. შესაბამისად, ავტომობილი შეიძლება იყოს წინა წამყვანბორბლიანი, უკანა წამყვანბორბლიანი და სრულამძრავიანი. ამასთან, სრულამძრავიანი სისტემა მხოლოდ ელექტროძრავებითაც მუშაობს. წინა ელექტროძრავი დამოუკიდებელი აგრეგატია, უკანა კი შიდაწვის ძრავთან ერთად, ჰიბრიდულ სისტემას ქმნის. ორივე ძრავს ელექტროენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორები ამარაგებს, მათთან კი ერთსაფეხურიანი კოლოფია დაკავშირებული. რაც შეეხება შიდაწვის ძრავს, მას 6-საფეხურიანი კოლოფი ორდისკოიანი ქუროს მეშვეობით უკავშირდება, მასში გადამუშავებულ მაბრუნ მომენტს კი უკანა ღერძი ღებულობს.

ბავარიელთა მონაცემებით, ”ვიჟნ ეფიციენტდაინემიქსი” იმდენად ტემპერამენტიანია, რომ სწრაფი მანქანების მოყვარულებს, ჰიბრიდული ავტომობილებისადმი დამცინავ დამოკიდებულებას საფუძვლიანად შეუცვლის. თავად განსაჯეთ: 0-100 კმ/სთ აჩქარება მას სულ რაღაც 4.8 წამში შეუძლია, 100 კილომეტრზე ერთი გალონი (დაახლოებით 3.78 ლიტრი) საწვავი ჰყოფნის, ყოველი კილომეტრის გავლისას (ორივე ტიპის აგრეგატის გამოყენებით) კი ატმოსფეროში მხოლოდ 99 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. ერთი სრული გაწყობით (საწვავით და ელექტროენერგიით) ”ვიჟნ ეფიციენტდაინემიქსს” დაახლოებით 650 კილომეტრს გაგატარებთ, მხოლოდ ელექტროძრავებით კი მას დაახლოებით 50 კილომეტრის გავლა შეუძლია.

ამჯერად სულ ესაა, უფრო მეტს ამ საოცარი ავტომობილის შესახებ, ფრანკფურტში შევიტყობთ.

No comments:

Post a Comment