Saturday, September 5, 2009

”ჰიუნდაის” სრულიად ელექტრული i10

All-electric Hyundai i10

5 სექტემბერი



სხვა სიახლეებთან ერთად, ”ჰიუნდაი” ფრანკფურტის საავტომობილო შოუზე სრულიად ელექტრულ i10-საც გამოფენს, მსოფლიო პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე კი კომპანიამ ამ ავტომობილის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტით გაავრცელა. გაყიდვების პირველი ორი წლის განმავლობაში, კორეელები ამ ავტომობილს ლიზინგით გაჰყიდიან, 2012 წელს კი მის მასობრივ წარმოებას დაიწყებენ.

ამ ავტომობილის შექმნ იმასა მოასწავებს, რომ ”ჰიუნდაიმ” სტრატეგია შეიცვალა - ადრე კორეული კომპანია განვითარების პერსპექტიულ მიმართულებად წყალბადის ფიჭურ ელემენტებსა და ჰიბრიდულ დანადგარებზე მომუშავე ავტომობილებს თვლიდა, ელექტრომობილებს კი ზურგი შეაქცია.

მაგრამ მას შემდეგ, რაც სეულში ელექტრომობილებისთვის სოლიდური საგადასახადო შეღავათები დააწესეს, ”ჰიუნდაისაც” ელექტრომობილებზე გული მოუბრუნდა და როგორც მისი ერთ-ერთი აღმასრულებელი ამბობს, ელექტრომობილი i10 სულ რამდენიმე თვეში შეიქმნა.

”ჩვენთვის ჰიბრიდული ავტომობილები ერთგვარი ხიდია თანამედროვე ავტომობილებსა და წყალბადის ტექნოლოგიებს შორის. მაგრამ იმავდროულად, ვაცნობიერებთ, რომ პერსპექტივა ელექტრომობილებსაც აქვს”, - ამბობს კომპანიის ერთ-ერთი ინკოგნიტო წარმომადგენელი.

თავისი პირველი ელექტრომობილისთვის ლითიუმ-იონის პოლიმერული აკუმულატორები ”ჰიუნდაიმ” ელექტრონიკის კორეულ გიგანტ LG-თან ერთად შექმნა. ასეთი აკუმულატორები ნიკელ ჰიდრიდულზე უფრო გამძლეცაა, იაფიც (თითქმის 40 პროცენტით), მსუბუქიც (დაახლოებით 30 პროცენტით) და ტევადიც (თითქმის 12 პროცენტით).

ავტომობილს აქვს აკუმულატორების სწრაფად დამმუხტავი სისტემა, რომლის მეშვეობითაც, აკუმულატორები ტევადობის 85 პროცენტით სულ რაღაც 15 წუთში იმუხტება. მათი სრული დამუხტვისთვის კი 5 საათია საჭირო.

49-კილოვატიანი ელექტოძრავით აღჭურვილ ავტომობილს, ერთი სრული დამუხტვით 160 კილომეტრის გავლა შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე სულ რაღაც 130 კმ/სთ-ია, 0-100 კმ/სთ აჩქარებას კი ის 15 წამს ანდომებს.

აკუმულატორებს ერთი ძალიან ცუდი თვისება აქვს - ერთი სრული კომპლექტი 10 000 ევრო ღირს, იმაზე მეტი, ვიდრე შიდაწვისძრავიანი i10. სწორედ ამის გამო, პირველ ხანებში, ელექტრომობილი ლიზინგით გაიყიდება (ფულს მყიდველი თანდათან, ექსპლუატაციის პროცესში იხდის). შემდგომში კი შესაძლოა, ავტომობილი აკუმულატორების გარეშე გაიყიდოს, აკუმულატორების ფასი კი მათი დამუხტვისთვის საჭირო ელექტროენერგიის ღირებულებაში შევა.

No comments:

Post a Comment