Saturday, September 5, 2009

გორდონ მარის ფილოსოფია ”iსენტერი”

Gordon Murray-iCentre

5 სექტემბერი

საავტომობილო დიზაინის ბრიტანული კომპანია ”გორდონ მარის” საქალაქო მიკროავტომობილ T25-ის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ უკვე გაგაცანით. ალბათ გეხსომებათ პროექტის ავტორისა და კომპანიის დამაარსებლის, გორდონ მარის ხედვა ”iსენტერი”, რომელიც მძღოლის პოსტის ცენტრში მოთავსებას გულისხმობს. ეს ხედვა მან პირველად სუპერავტომობილი ”მაკლარენ F1-ის” პროექტირებისას გამოიყენა, ახლა კი რადკალურად განსხვავებული T25-ის ჯერია.

”iსენტერი” მარის საშუალებას აძლევს, რომ მინიატურულ T25-ს სავარძლების 6 სხვადასხვა განლაგება ჰქონდეს (სურათზე). ამასთან, სტანდარტულიდან განლაგების შეცვლა სუ რაღაც 30 წამშია შესაძლებელი. უცვლელი მხოლოდ ერთი - მძღოლის სავარძელი რჩება. ამ ვარიაციების წყალობით, მინიატურული ავტომობილის ბარგის დასაწყობი სივრცის (როგორც ასეთი, მას საბარგული არ გააჩნია) მოცულობა 750 ლიტრს მიაღწევს. ასეთი საბარგულით კი სრულგაბარიტიანი სედანებიც კი ვერ დაიკვეხნიან.

მარის მძღოლის სავარძლის ცენტრში განლაგების იდეა ჯერ კიდევ სტუდენტობისას (1966 წელს), დურბანის (სამხრეთ აფრიკა) ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, მექანიკური ინჟინერიის შესწავლისას მოსვლია.

ინტერიერის ცენტრში მძღოლის სავარძლის მოთავსებით, უმჯობესდება მძღოლის ხედვის არე, სიმძიმის ცენტრი სიმეტრიის ღერძთან ახლოს ინაცვლებს და დაბლა იწევს, რაც ავტომობილის მართვადობას აუმჯობესებს. ბარგის დასაწყობ 750-ლიტრიან სივრცეში კი, როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, სუპერმარკეტების 6 ურიკა ეტევა.

საჭის გარდა, მძღოლის განკარგულებაში მხოლოდ ორი სატერფულია (აქსელერატორი და მუხრუჭი), გადაცემათა კოლოფს კი სრულად ავტომტურ, ან ნახევრად ავტომატურ რეჟიმში მუშაობა შეუძლია. ამ რეჟიმს კი შესამაბის ღილაკზე დაჭერით შეარჩევთ. ნახევრად ავტომატური რეჟიმის არჩევისას, მძღოლი შესაბამის ბერკეტს სამი რეჟიმიდან ერთ-ერთზე - წინ, ნეიტრალ, ან რევერსზე დააყენებს, დანარჩენს კი კოლოფი თვითონ გააკეთებს.

T25-ის შასი უკვე გადის საგზაო ტესტებს. პარალელურად კი, მარი და მისი თანამოაზრეები ახალ პროექტს - ”iსტრიმს” ამუშავებენ, რომელსაც იმ კომპანიას შესთავაზებენ, რომელიც T25-ის წარმოების ლიცენზიას შეიძენს.

”iსტრიმი” არის საწარმოო პროცესის მარისეული ორგანიზების აღწერილობა, რომელიც საწარმოო ხაზის ფართობს და მისთვის საჭირო ინვესტიციის მოცულობას, ჩვეულებრივ საწარმოებთან შედარებით, დაახლოებით 80%-ით(!) ამცირებს.

No comments:

Post a Comment