Thursday, October 29, 2009

ლოტუსი” ”ევორას” პლატფორმას სხვა კომპანიებს შესთავაზებს

Lotus Offering Evora Platform To Other Carmakers

29 ოქტომბერი

ჯერ ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არაა, მაგრამ ინტერნეტში გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ მალე ”ლოტუსი” თავის ახალ მოდელ ”ევორას” პლატფორმას სხვა კომპანიებსაც შესთავაზებს.
ბოლო წლებია, ”ლოტუსი” თავისი მოდელების პლატფორმებს (ელიზი და ექსიჯი) სხვა კომპანიებს სთავაზობს და ეს ბიზნესი საკმაოდ წარმატებულია. ამერიკულმა კომპანია ”ტესლამ” თავისი პოპულარული ელექტრომობილი სწორედ ”ლოტუს ელიზის” პლატფორმაზე დაამზადა და ამით მოგებას ნახულობს - მზამზარეულ და თანაც, სრულყოფილ პლატფორმას იაფად იყენებს.

”ლოტუსი” ინგლისური კომპანიაა და დღეს მალაიზიურ ავტომწარმოებელ ”პროტონის” ჯგუფში შედის, რომელიც შესაძლოა, მალე გერმანულ გიგანტ ”ფოლკსვაგენს” შეუერთდეს. ამასთან, მერმის ”ლოტუსის” სახელი კვლავ დაუბრუნდება ფორმულა 1-ს.

”ევორას” პლატფორმა უნივერსალურია. ის ადვილად ექვემდებარება მოდიფიცირებას და ამიტომ, მის ბაზაზე, სხვადასხვა კლასის, მათ შორის, ჰიბრიდული და ელექტრული ავტომობილების დამზადებაა შესაძლებელი.

ცნობისათვის, 2010 სამოდელო წლის ”ლოტუს ევორა” ”ტოიოტას” წარმოების V6 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც მაქსიმუმ 276 ცხენის ძალას იძლევა. ამ ავტომობილის ჩასაჯდომი ფორმულა 2+2-ია (ცოტა მოძველებული ფორმულა კია). ანუ, მასში 2 სრულფასოვანი და ორიც ფსევდო ადგილია.

ავტომობილი გრან ტურიზმოს (GT) კლასს მიეკუთვნება, თუმცა მის პლატფორმაზე (მცირე მოდიფიკაციის შემდეგ) ჩვეულებრივი სედანის და ჰეჩბეკის დამყნობაც შესაძლებელია. ”ევორას” პლატფორმას ”ლოტუსში” ”მრავალმხრივი არქიტექტურის ურიკას” (ვერსეტაილ ვიჰაიქლ არქიტექჩა) უწოდებენ. პლატფორმა მოდულებისგან შედგება, რომლებიც ცალ-ცალკე მოდიფიცირებას ექვემდებარება. ამასთან, ისინი ადვილი დასამზადებელია და მცირე რაოდენობით წარმოების შემთხვევაშიც კი, ძალიან იაფი ჯდება. პლატფორმის სიიაფეს, მისი წარმოებისას, შედარებით იაფფასიანი მასალების გამოყენებაც უწყობს ხელს.

სხვათა შორის, ეს პლატფორმა მისწრებაა იმ პატარა კომპანიებისთვის, რომლებიც ინდივიდუალური დიზაინის, მცირე რაოდენობით ავტომობილებს შეკვეთებით აწარმოებენ. ამავე მიზნით, ამერიკაში ფართოდ გამოიყენება პოპულარული ”შევროლე კორვეტის” პლატფორმა, რომლის ყიდვაც (სრულიად უხმარის), თუ გაგიმართლათ, ინტერნეტში 10 000 დოლარადაც კი შეიძლება.

No comments:

Post a Comment