Tuesday, November 10, 2009

”გენერლები” ჰიბრიდულ კუპე ”კადილაკ კონვერჯს” გამოუშვებენ
Cadillac Converj
10 ნოემბერი”ჯენერალ მოტორსის” ხელმძღვანელობა ისევ მიუბრუნდა ჰიბრიდულ კუპე ”კადილაკ კონვერჯის” სერიული წარმოების იდეას. თუმცა, როგორც გამოცემა ”დეტროიტ ნიუსი” იუწყება, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა და აქედან გამომდინარე, ისიც უცნობია, თუ როდის გამოჩნდება აღნიშნული ავტომობილი ბაზარზე.
მიმდინარე წლის დასაწყისში, დეტროიტის ავტო შოუს დღეებში, ”ჯენერალ მოტორსმა” გამოაცხადა, რომ შოუზე წარმოდგენილი კონცეპტუალური ”კადილაკ კონვერჯი” კონვეიერზე ორ წელიწადში დადგებოდა. მაგრამ მალე, კომპანიამ პროექტი დროებით შეაჩერა, რისი მიზეზიც მძიმე ეკონომიკური კრიზისი გახდა. ”გენერლებმა” მცირე ხნით გაკოტრების რეჟიმში იმუშავეს, რის შემდეგაც ახალი ”ჯენერალ მოტორსი” ჩამოაყალიბეს და ცოტა ხანში, მივიწყებისთვის განწირული პროექტიც ”თაროდან ჩამოიღეს”.
დეტროიტში ნაჩვენები კონცეპტუალური ”კონვერჯი” ”შევროლე ვოლტის” პლატფორმაზეა აგებული, რომელსაც წამყვანი წინა ბორბლები აქვს. აგრეგატებიც ”ვოლტისგან” აქვს ნასესხები. ესაა 160-ცხენისძალიანი ელექტროძრავი, რომელიც ლითიუმ-იონურ აკუმულატორებში დაგროვილი ენერგიით საზრდოობს. მარტო ამ ენერგიის ხარჯზე, ავტომობილს დაახლოებით 65 კილომეტრის გავლა შეუძლია. როცა აკუმულატორებში დაგროვილი ენერგია ილევა, თუ საჭიროა, საქმეში დამხმარე შიდაწვის 1.4-ლიტრიანი ძრავი და მასთან დაკავშირებული გენერატორი ერთვება, რომელთა ტანდემიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და მას ერთდროულად, ელექტროძრავსაც აწვდის და აკუმულატორებსაც.
ამ ჰიბრიდული აგრეგატის მეშვეობით, ”კადილაკ კონვერჯს” მაქსიმუმ 160 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა შეუძლია.
დაბოლოს, ”ჯენერალ მოტორსში” მიაჩნიათ, რომ ძვირადღირებული ჰიბრიდული ტექნოლოგიის გამოყენება უფრო სარგებლიანი ”კადილაკ კონვერჯის” მსგავსი ავტომობილებისთვის იქნება, ვიდრე ”შევროლე ვოლტისთვის”, რადგან ეს უკანასკნელი დაბალი საფასო სეგმენტისთვისაა განკუთვნილი, ჰიბრიდული დანადგარის გამო კი ის უსაშველოდ ძვირდება.

No comments:

Post a Comment