Tuesday, November 10, 2009

”რენო” ”ტატა ნანოს” მეტოქეს შექმნის
Renault to build Nano fighter
10 ნოემბერი”რენოსა” და ”ნისანის” ალიანსი და მისი ინდური პარტნიორი ”ბაჯაჯ აუტო” ერთობლივად ულტრა დაბალფასიან ავტომობილს გამოუშვებენ, რომელიც დღეისათვის მსოფლიოს უიაფეს ავტომობილ ”ტატა ნანოზე” იაფი ეღირება. ავტომობილის წარმოების დაწყება 2012 წელს დაიწყება.
”რენოსა” და ”ნისანის” მთავარმა აღმასრულებელმა კარლოს გონმა გამოაცხადა, რომ ინდურ კომპანიასთან შეთანხმება უკვე მიღწეულია. ამ გეგმის მიხედვით, ულტრა დაბალფასიანი დიზაინს (შემოკლებით ULC) ”ბაჯაჯ ავტო” შეიმუშავებს. ამავე კომპანიის ქარხანა იკისრებს მის წარმოებას. რაც შეეხებათ ფრანგულ და იაპონურ კომპანიებს, ისინი ტავის თავზე ავტომობილის ბაზარზე დამკვიდრებასა და მთელს მსოფლიოში გავრცელებაზე იზრუნებენ.
გონის თქმით, ULC-ის თვითღირებულება, ინდოეთში წარმოებული ნებისმიერი ავტომობილის შესაბამის მაჩვენებელზე დაბალი იქნება. ოღონდ, რა თქმა უნდა, თვითღირებულებასა და ფასს შორის განსხვავება იქნება. ამ ავტომობილის ძირითადი ბაზარი იონდოეთი იქნება. ასევე შესაძლებელია საზღვარგარეთ მისი გატანაც.
ცნობისათვის, დღეისათვის მსოფლიოში ყველაზე იაფფასიანი ავტომობილი ”ტატა ნანოა”, რომლის წარმოებაც ინდურმა კომპანია ”ტატამ” წელს დაიწყო და რომელსაც 2 000 დოლარად ჰყიდის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი საფასო სეგმენტის შესაბამისი ავტომობილების წარმოებას სხვა დიდი კომპანიებიც გეგმავენ. მაგალითად, ასეთი ავტომობილის წარმოებას ”ჯენერალ მოტორსი” ინდოეთში მერმის, წლის მიწურულს დაიწყებს, ერთი წლის შემდეგ კი ანალოგიური კლასის ავტომობილს თავის მყიდველს ”ტოიოტაც” შესთავაზებს.
კომპაქტური ავტომობილის წარმოებას ინდოეთში მერმის ”ფორდიც” გეგმავს, მაგრამ ამერიკული კომპანიის განცხადებით, მისი კომპაქტი, ფასით ”ნანოს” კონკურენტი არ იქნება.
ინდოეთი მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ავტო ბაზარია, სადაც შარშან 1.5 მილიონი ავტომობილი გაიყიდა, წელს კი ეს მაჩვენებელი ნახევარი მილიონით გაიზრდება.
”რენოსა” და ”ნისანის” ალიანსი თავის ინდურ ქარხანას სამხრეთ ინდოეთში მდებარე ქალაქ ჩენაიში აშენებს, რომლის საწარმოო სიმძლავრე წლიურად 400 000 ავტომობილი იქნება. თუმცა, გონის თქმით, დრო იქნება საჭირო, სანამ ეს ქარხანა სრულად დაიტვირთება.
შარშან, სამ კომპანიას შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, პროექტის 50 პროცენტი ”ბაჯაჯ ავტოს” ეკუთვნის, ”რენო” და ”ნისანი” კი 25-25 პროცენტს დაინაწილებენ. თუმცა არაა გამორიცხული, რომ კონტრაქტის პირობები შეიცვალოს.
აღსანიშნავია, რომ ”რენოს” ინდოეთში სხვა ბიზნესიც აქვს. კერძოდ, ფრანგული კომპანია, ინდურ ”მაჰინდრა ნდ მაჰინდრასთან” ერთად, თავის პოპულარულ მოდელ ”ლოგანს” აწარმოებს. მაგრამ მის რეალიზაციასთან დაკავშირებით, პრობლემები შეექმნა - ”ლოგანის” სიგრძე 4 მეტრზე მეტია, რის გამოც, ინდური საგადასახადო კანონების შესაბამისად, ის მასზე კომპაქტურ ავტომობილებთან შედარებით, მეტად იბეგრება. შესაბამისად, ავტომობილი მის კონკურენტებზე ძვირი ღირს და იმ მოლოდინს ვერ ამართლებს, რომელიც მის მწარმოებლებს გააჩნდათ. ამის შედეგი კი ისაა, რომ ”ლოგანის” პროექტზე კომპანიებმა უკვე დაახლოებით 105 მილიონი დოლარი იზარალეს.

No comments:

Post a Comment