Saturday, November 28, 2009

”დელტა ელექტრონიკსმა” ჰიბრიდული დანადგარი შექმნა
Delta Electronics Unveils Hybrid Propulsion System
28 ნოემბერიძალიან იშვიათად ხდება, რომ ავტომაკომპლექტებლების მწარმოებელმა ავტომობილების გამოშვება სცადოს. სულ ახლახანს, ასეთი მცდელობა კანადურ ”მაგნა ინტერნეიშნლს” ჰქონდა, რომელმაც ”ოპელის” შეძენა დააპირა. დღეს კი ინტერნეტით ვგებულობთ, რომ შესაძლოა, მალე ჰიბრიდული ავტომობილების წარმოებას ტაივანურმა ”დელტა ელექტრონიქსმა” მიჰყოს ხელი.
კომპანიამ ჩვეულებრივი შიდაწვისძრავიანი ავტომობილის ბაზაზე ჰიბრიდული საცდელი მოდელის შექმნა გადაწყვიტა. საფუძვლად აიღეს უცნობი მოდელი, რომელსაც ბენზინის ძრავი და ტრანსმისია მოხსნეს და მათ ნაცვლად, ბენზინისა და ელექტრო ძრავის ჰიბრიდული სისტემა დაამონტაჟეს. ამ სისტემაში ბენზინის ძრავის ერთადერთი დანიშნულება ისაა, რომ მასთან დაკავშირებული გენერატორის დახმარებით, ენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორები დამუხტოს.
”დელტა ელექტრონიქსის” მიერ გამოქვეყნებული მწირი ინფორმაცია გვამცნობს, რომ ერთი ლიტრი ბენზინის დაწვით, გენერატორი იმ რაოდენობის ენერგიას გამოჰყოფს, რაც 20-30 კილომეტრის გასავლელადაა საკმარისი. საცდელი ავტომობილის ელექტროძრავების ჯამური სიმძლავრე 134 ცხენის ძალას, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 830 (!) ნიუტონმეტრს აღწევს. ჯერჯერობით არ ქვეყნდება ავტომობილის დინამიკური მაჩვენებლები. სამაგიეროდ ცნობილია, რომ ის 1 660 კილოგრამს იწონის.
”დელტა ელექტრონიქსი” აცხადებს, რომ ავტომობილის შემუშავების პროცესი ჯერაც არ დასრულებულა. ჯერაც მიმდინარეობს რამდენიმე დამხმარე სისტემაზე მუშაობა და ამ პროცესის დასრულების შემდეგ, კომპანია პროტოტიპის ტესტირების დაწყებასაც გეგმავს.

No comments:

Post a Comment