Monday, November 9, 2009

”მაგნა” ”ოპელის” შეძენით დაინტერესებული არც ყოფილა
Magna-Opel
9 ნოემბერიროგორც ირკვევა, ავტომაკომპლექტებლების მწარმოებელი კანადური გიგანტი ”მაგნა ინტერნეიშნლი” არც ყოფილა დაინტერესებული გერმანული საავტომობილო კომპანია ”ოპელის” შეძენით. ”მაგნას” დირექტორთა საბჭოს თანათავმჯდომარე დონ უოკერის თქმით, ”ჯენერალ მოტორსისგან” მისი გერმანული მარკის გამოსყიდვაში მისი კომპანია მთავრობის თხოვნით ჩაერთო.
უოკერს არ დაუზუსტებია, თუ რომლი ქვეყნის მთავრობას გულისხმობდა. სამაგიეროდ, ”ფაინენშლ პოსტმა” გამოთქვა ვარაუდი, რომ ”მთხოვნელი” შესაძლოა, გერმანიის მთავრობა ყოფილიყო.
უოკერის თქმით, ახლა მისი კომპანია ისევ თავის ძირითად საქმეზე გადაიტანს აქცენტს, საქმეზე, რომელსაც ”ოპელის” შეძენის შემთხვევაში, სერიოზული პრობლემები ელოდა. ეს საქმე ავტოსათადარიგო ნაწილები და მაკომპლექტებლებია. ამასთან, უოკერი ირწმუნება, რომ ”მაგნაში” ავტომწარმოებელი კომპანიების შეძენის საკითხი აღარც განიხილება.
საყურადღებოა, რომ მას შემდეგ, რაც ”ჯენერალ მოტორსმა” ”ოპელის” გაყიდვისგან თავი შეიკავა, კანადური კომპანიის აქციების ფასმა საგრძნობლად მოიმატა. მარტო პარასკევს ზრდამ 10 პროცენტი შეადგინა. ექსპერტების შეფასებით, აქციების ფასის ზრდა იმის მაუწყებელია, რომ ”მაგნას” მიერ ”ოპელის” შეძენა რისკიან ნაბიჯად იყო მიჩნეული. რისკის მთავარი ფაქტორი კი ისევდაისევ, იმ ავტოკომპანიების სერიოზული უკმაყოფილება იყო, რომლებიც მაკომპლექტებელ ნაწილებს ”მაგნასგან” ყიდულობენ.
ასეთ კომპანიებს შორის ფიგურირებდნენ ”ფოლკსვაგენი”, ”ბეემვე” და ”ფორდი”. ვოლფსბურგული გიგანტი დაიმუქრა კიდეც, რომ თუ ”მაგნა” მაინც შეიძენდა ”ოპელს”, კანადურ კომპანიასთან არსებული კონტრაქტების პირობებს გადახედავდა.

No comments:

Post a Comment