Monday, November 9, 2009

”შკოდა” იაფფასიან სედანს ქმნის
Skoda to launch budget saloon
9 ნოემბერიჩეხური კომპანია ”შკოდა” 2012 წლიდან ახალი, იაფფასიანი სედანის წარმოების დაწყებას გეგმავს, რომელიც პირველ რიგში, განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზე გაიყიდება და იქ კონკურენციას ”რენოს” პოპულარულ სედან ”ლოგანს” გაუწევს. ამ ინფორმაციას, ”შკოდას” მთავარი აღმასრულებლის, რაინჰარდ იუნგის გამონათქვამზე დაყრდნობით, ინგლისური ჟურნალი ”აუტოქარი” ავრცელებს.
იუნგის თქმით, ახალი ავტომობილი პირველ რიგში, ჩინეთის, ინდოეთის და აზიის ქვეყნებისთვის იქნება განკუთვნილი, თუმცა ის ასევე აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპაშიც გაიყიდება. ჩეხური კომპანიის სამოდელო გამაში, იაფი სედანი ”ფაბიასა” და ”ოქტავიას” შორის ადგილს დაიკავებს.
”რენო ლოგანის” მაგალითმა აჩვენა, რომ ასეთი ავტომობილები განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზეც საკმაოდ პოპულარულია. არადა, ისინი მინიმალისტური მოთხოვნების შესაბამისად იქმნება. ”შკოდას” იაფი სედანის სავარაუდო ღირებულება ევროპაში 10-12 ათასი ევრი იქნება, რაც ”ლოგანის” ფასზე დაახლოებით 3-5 ათასით მეტია. თუმცა, ჩეხურ კომპანიაში იმედი აქვთ, რომ მათი ავტომობილი ბაზარზე საკუთარ ნიშას შექმნის და ამდენად, ”ლოგანისგან” მას ნაკლები კონკურენცია ელის.
აღსანიშნავია, რომ ”შკოდას” საბიუჯეტო ავტომობილის შესახებ პირველი ინფორმაცია ჯერ კიდევ ორი წლის წინ გავრცელდა, მაგრამ მაშინ ავტომობილის სავარაუდო ფასად 8 000 ევრო სახელდებოდა.
სხვათა შორის, ”შკოდას” იაფი სედანი იმ ავტომობილის ბაზაზე დამზადდება, რომელსაც ”ფოლკსვაგენი” თავის სუბკომპაქტური ჰეჩბეკ ”პოლოს” ბაზაზე ქმნის. ამ ავტომობილის წარმოებას ვოლფსბურგელები ალბათ მერმის დაიწყებენ.

No comments:

Post a Comment