Tuesday, November 3, 2009

”მინის” სამომავლო გეგმები
MINI
3 ნოემბერიგერმანულმა კომპანია ”ბეემვემ” თავისი ინგლისუტი შტოს, ”მინის” სამომავლო გეგმები გამოაქვეყნა. ეს გეგმები კი ”მინის” საწარმოო პროგრამის მნიშვნელოვან გაფართოებასა და გამრავალფეროვნებას ითვალისწინებს.
სიახლეთაგან პირველი ბაზარზე ქროსოვერ ”ქანთრიმენის” სერიული ვერსია იქნება, რომელსაც ალბათ სახელიც შეეცვლება. ამ ავტომობილის საგზაო ტესტები სრული ტემპით მიმდინარეობს და როგორც ბავარიელები ირწმუნებიან, მისი გაყიდვები მერმის, წლის პირველ მეოთხედში დაიწყება.
ეს ავტომობილი ქროსოვერი კია, მაგრამ მისი საბაზო ვერსია სრულამძრავიანი მაინც არ იქნება. თუმცა, ასეთი ტრანსმისიის შეკვეთის საშუალება მყიდველს აუცილებლად ექნება. გარდა ამისა, ზოგიერთი ბაზრისთვის, ”ქანთრიმენი” დიზელის ძრავებითაც კი აღიჭურვება.
ბავარიელები ასევე არ მალავენ, რომ ამჟამად ”მინი” მარკა ”მოუკის” აღდგენაზე მუშაობს. ამ მარკით ადრე ეგრეთ წოდებული საპლიაჟო, ღია ავტომობილები მზადდებოდა, რომლებიც რაღაცით ”ჯიპ ვრანგლერს” მოგაგონებდათ. ჰოდა, ახალი ავტომობილიც იმავე ”ვრანგლერს” დაემგვანება. ოღონდ, ძველი ”მოუკისგან” განსხვავებით, ის უგზოობის სრულფასოვანი მოდელი იქნება. ამ ახალი ავტომობილის კონცეპტუალურ ვერსიას ”მინი” მერმის, რომელიმე დიდ ავტოგამოფენაზე წარუდგენს საზოგადოებას.
გარდა ამისა, ”ქანთრიმენის” ბაზაზე, ”მინი” რამდენიმე კონცეპტუალურ ავტომობილსაც დაამზადებს, რომლებსაც საზოგადოებრივი აზრის შესასწავლად გამოიყენებს. ამავე კონცეპციების მეშვეობით, კომპანია თავისი მოდერნიზებული კორპორატიული სტილის სხვადასხვა ვარიანტსაც გვიჩვენებს.
მერმისვეა მოსალოდნელი ორი ახალი სპორტული მოდელის - ”კუპესა” და ”როდსტერის” (ორივე სურათზეა) წარმოების დაწყებაც. შეგახსენებთ, რომ ამ ავტომობილების კონცეპტუალური ვერსიების ხილვა პირველად ერთი თვის წინ, ფრანკფურტის საავტომობილო გამოფენაზე იყო შესაძლებელი.

No comments:

Post a Comment