Tuesday, November 3, 2009

”ოპელი” ყველაზე ეკონომიურ ”კორსას” ამზადებს
Opel Corsa ecoFLEX
3 ნოემბერი”ოპელი” თავის პოპულარულ სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ ”კორსას” ყველაზე ეკონომიურსა და გარემოსადმი მეგობრულ ვერსიას ამზადებს, რომლის სრული სახელწოდებაც ”ოპელ კორსა ეკოფლექსი” იქნება.
ავტომობილი 1.3-ლიტრიანი ტურბოდიზელით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრე 95 ცხენის ძალა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 190 ნიუტონმეტრია. ძრავთან შეწყვილდება 5-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი, რომელშიც გადაცემების რიცხვები, ჩვეულებრივთან შედარებით გაზრდილია.
ძრავის გამოსაბოლქვი სისტემა აღჭურვილია სპეციალური ფილტრით, რომლის დანიშნულებაც გამონაბოლქვი აირში შემავალი ნამწვი ნაწილაკების დაჭერაა.
გერმანული კომპანიის განცხადებით, ”კორსა ეკოფლექსი” 100 კილომეტრის გასავლელად სულ რაღაც 3.7 ლიტრ საწვავს იმყოფინებს, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში მხოლოდ 98 გრამ СО2-ს გამოჰყოფს, რაც ამ მოდელის წინა ვერსიის შესაბამის მაჩვენებელზე დაახლოებით 10 პროცენტით ნაკლებია.
ძრავის გარდა, ავტომობილის ეკონომიურობაში თავისი წვლილი მის დახვეწილ აეროდინამიკასაც შეაქვს. ამ მხრივ, საინტერესოა ის ფაქტი, რომ ავტომობილის კლირენსი 20 მილიმეტრითაა შემცირებული, რისი წყალობითაც მნიშვნელოვნად შემცირდა შემხვედრი ჰაერისადმი წინააღმდეგობა.
”ოპელის” განცხადებით, ”კორსა ეკოფლექსის” გაყიდვები მერმის, იანვარში დაიწყება.

No comments:

Post a Comment