Tuesday, November 3, 2009

”ფოლკსვაგენმა” სრულიად ახალი სედანის ესკიზი გამოაქვეყნა
Volkswagen US Sedan
3 ნოემბერი

”ფოლკსვაგენის” ამერიკულმა შტომ გამოაქვეყნა სეულიად ახალი სედანის ესკიზი, ავტომობილისა, რომელიც პირველ რიგში, ამერიკული ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი და ოკეანის გაღმა დებიუტის შემდეგ, სხვა, მათ შორის ევროპულ ბაზრებზეც გაიყიდება.

”ფოლკსვაგენ ოფ ემერიკას” შეფის განცხადებით, ახალი ავტომობილი ჯერ შემუშავების ადრეულ სტადიაში იმყოფება. მისი კოდური სახელწოდებაა NMS, რაც იშიფრება, როგორც ”ნიუ მიდსაიზდ სედან”, ანუ ”ახალი საშუალო ზომის სედანი”.
რა თქმა უნდა, ჯერჯერობით უცნობია ახალი ავტომობილის ტექნიკური პარამეტრები. სამაგიეროდ, გერმანული კონცერნის განცხადებით, უკვე გადაწყვეტილია, რომ სედანი 20 000 დოლარზე ოდნავ მეტი ეღირება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის ”პასატზე” დაახლოებით 8 000 დოლარით იაფი ეღირება და სერიოზულ კონკურენციას გაუწევს აშშ-ის ბაზრის ისეთ სოლიდურ მოთამაშეებს, როგორებიცაა ”ტოიოტა ქამრი” და ”ჰონდა აკორდი”.
ახალი ავტომობილის საწარმოებლად, ვოლფსბურგელებს ჩატანუგას (შტატი ტენესი) ქარხანა აქვთ შერჩეული. იმის გამო, რომ ამერიკული დოლარი ევროსთან მიმართებაში შესუსტებულია და პროგნოზებით ასეც იქნება, ”ფოლკსვაგენში” იმედოვნებენ, რომ ამერიკაში ავტომობილის წარმოება, ევროპაში წარმოებასთან შედარებით, დაახლოებით 15 პროცენტით იაფი დაუჯდებათ.
ახალი ავტომობილის წარმოება 2011 წელს უნდა დაიწყოს. წლიურად დაახლოებით 100 000 ცალი ახალი სედანის წარმოება იგეგმება.
”ფოლკსვაგენი” ასევე ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ბაზარზე ახალი სედანის დამკვიდრებისთანავე, ამერიკაში ”ფაეტონის” დაბრუნებასაც აპირებს.

No comments:

Post a Comment