Wednesday, December 9, 2009

”ფოლკსვაგენის” კონცეპტუალური ”Up! ლაიტი”

Volkswagen Up! Lite Concept

10 დეკემბერი

ლოს ანჯელესის საავტომობილო შოუზე, ”ფოლკსვაგენმა” თავისი მორიგი ეკონომიური და ეკოლოგიურად სუფთა კონცეპტუალური ავტომობილი წარმოადგინა, რომელშიც ასევე ორი კონცეპტუალური მოდელის - Up!-ის და L1-ის თვისებებია შერწყმული და რომელსაც შოუს დამთვალიერებელი ”Up! ლაიტ-ის” სახელით გაეცნო.

მწარმოებლის განცხადებით, მისი კონცეპტუალური მოდელი, მსოფლიოში ყველაზე ეკონომიური ოთხადგილიანი ავტომობილია. გერმანული კომპანიის მიერ გავრცელებული რელიზი გვამცნობს, რომ ”Up! ლაიტს” 100 კილომეტრის გასავლელად 2.44 ლიტრი დიზელის საწვავი ჰყოფნის. და ეს მართლაც ფანტასტიური მაჩვენებელია.

ასეთი ეკონომიურობის მიღწევას კი ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ჯერ ერთი, ავტომობილის ჰიბრიდული დანადგარის მთავარი აგრეგატი მეტად ეკონომიური და დაბალი ლიტრაჟის მქონე ტურბო-დიზელია, რომელთან უნისონშიც მცირე სიმძლავრის ელექტროძრავი და 7-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფი (DSG - დაირექტ შიფტ გეარბოქს) მუშაობს. ყველაფერთან ერთად, აგრეგატების ასეთი კომბინაციის წყალბით, ავტომობილი ყოველი კილომეტრის გავლისას, გარემოში მხოლოდ 65 გრამ CO2-ს გამოჰყოფს.

ტურბოდიზელის მუშა მოცულობა სულ რაღაც 0.8 ლიტრია და ის მხოლოდ 51 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ელექტროძრავის სიმძლავრე კი მხოლოდ 10 კილოვატია. ორივე ამ აგრეგატის ჯამური სიმძლავრე კი 65 ცხენის ძალას აღწევს, რაც საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარე 12 წამში აკრიფოს. რაც შეეხება მაქსიმალურ სიჩქარეს, ის 160 კმ/სთ-ს აღწევს.

ეკონომიურობასვე განაპირობებს ავტომობილის სიმსუბუქე - ის მხოლოდ 650 კილოგრამს იწონის. ეს კი მიღწეულია თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით. კერძოდ, მზიდი სისტემა შეკრულია მტკიცე ფოლადისა და ალუმინის მასალებით, ძარა კი კარბონის კომპოზიტისგან მზადდება. ავტომობილის აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი სულ რაღაც 0.237-ია. გარდა ამისა, ეკონომიურობას აუმჯობესებს ენერგიის დამზოგი ისეთი სისტემები, როგორებიცაა მუხრუჭების კინეტიკური ენერგიის რეგენერატორი და სტოპ-სტარტი.

ეს მეხუთე კონცეპტუალური ავტომობილია, რომლებიც ”ფოლკსვაგენმა” პროექტ Up!-ის ფარგლებში შეიმუშავა. პირველი მერცხალი იყო მოდელი Up!, რომელიც საზოგადოების წინაშე პირველად ფრანკფურტის 2007 წლის შოუზე წარსდგა. მას მოჰყვნენ: ”სპეის Up!” (ტოკიოში),”სპეის Up! ბლიუ” ლოს ანჯელესში და ელექტრული E-up! ფრანკფურტის წლევანდელ შოუზე.

No comments:

Post a Comment