Tuesday, October 25, 2011

პატარა ”ნისან ჯუკი” ლომის გულით

Nissan Shows the Juke-R in the Flesh for the First Time
25 ოტომბერი
ესპანეთის ქალაქ მალაგაში, ”ნისანმა” თავის პატარა ქროსოვერ ”ჯუკის” სპეცვერსიის პროტოტიპი - ”ჯუკ-R” უჩვენა, ავტომობილი, რომელიც უჩვეულოდ მძლავრი ძრავითაა აღჭურვილი და რომელსაც მხოლოდ ორ ცალს - მარცხენა და მარჯვენასაჭიანს გამოუშვებს.
”ჯუკ-R” აღჭურვილია 3.8-ლიტრიანი V6 ძრავით, რომელიც 485 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ძრავთან ორდისკოიანი ქუროს მეშვეობით დაკავშირებულია 6-საფეხურიანი რობოტიზებული გადაცემათა კოლოფი, რომლისგანაც მაბრუნი მომენტი ყველა წამყვან ბორბალს გადაეცემა. ყველაფერი, რაც აქაა ჩამოთვლილი, სპეციალურ ”ჯუკს” კუპე GT-R-ისგან აქვს მიღებული.
კუპესგანვე ”ჯუკმა” მიიღო მაჩვენებლები და ცენტრალური მონიტორი, რომელიც მულტიმედიურ სისტემას ემსახურება. სალონში ჩადგეს სარბოლი სავარძლები, რომლებზეც პილოტი ხუთწერტილოვანი ღვედებით მაგრდება. გარდა ამისა, სალონი უსაფრთხოების ჩარჩოთია გაძლიერებული, რომელიც საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) სტანდარტს შეესაბამება.
”ნისანს” ჯერ ”ჯუკ-R-ის” დინამიკური მახასიათებლები არ გამოუქვეყნებია. სავარაუდოდ, ეს ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 4 წამში მოასწრებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 270 კმ/სთ იქნება. შედარებისთვის, 3.8-ლიტრიანი ძრავით აღჭურვილი ახალი, მეცხრე თაობის ”პორშე 911 კარერა”, რომლის მსოფლიო პრემიერაც ახლახანს, ფრანკფურტის მოტორ შოუზე შედგა და რომელსაც 400 ცხენის ძალა ემსახურება, სტანდარტულ აჩქარებას 4.3 წამში ასწრებს.
ამ უჩვეულო ავტომობილის შექმნაში, ”ნისანის” ევროპული ტექნიკური ცენტრის და კომპანია RML-ს სპეციალისტები მუშაობდნენ. ეს კომპანია ცნობილია იმით, რომ სხვადასხვა სარბოლი სერიებისთვის, სერიული ავტომობილების სარბოლ ვერსიებს ამზადებს. იაპონური კომპანია აცხადებს, რომ ”ჯუკ-R-ის” წარმოებას არ აპირებს. პროტოტიპით კი, რომლის ტესტირებაც მალე დაიწყება, საზოგადოების რეაქციას შეისწავლის.

No comments:

Post a Comment