Sunday, January 10, 2010

”მონტევერდი” – ”ფერარიზე” განაწყენებით შექმნილი კომპანია

10 იანვარი
ალბათ, ავტომოყვარულების დიდმა ნაწილმა იცის სპორტულ სუპერ ავტომობილების მწარმოებელ კომპანია ”ლამბორგინის” დაარსების ისტორია - ფერუჩო ლამბორგინიმ ის ენცო ფერარიზე განაწყენებულმა დააარსა და მიზნად კომენდატორეს დაჩრდილვა დაისახა. დაჩრდილვისა რა გითხრათ, მაგრამ მისი გვარის მატარებელი ფირმა ისეთ მანქანებს უშვებს, რომლებსაც ბევრი ნატრობს და ცოტა ყიდულობს.

ბევრმა როდი იცის, რომ ფერუჩო ერთადერთი ბიზნესმენი როდია, რომელმაც ავტომობილების წარმოებას, ფერარიზე გულმოსულმა მიჰყო ხელი. იტალიური წარმოშობის შვეიცარიელ პეტერ მონტევერდისაც თითქმის ანალოგიური ისტორია აქვს. 12 წლის განმავლობაში, ის შვეიცარიაში ”ფერარის” ავტომობილების გავრცელებაზე მუშაობდა.
მაგრამ შემდეგ, ენცო ფერარიმ მას ერთდროულად 100 ავტომობილის შეძენა მოსთხოვა და თან ისე, რომ მათი ფასი წინასწარ უნდა გადაეხადა. მონტევერდის ამის საშუალება შეიძლება ჰქონდა კიდეც, მაგრამ კომენდატორესგან ასეთი უსამართლობა ვერ მოითმინა და ლამბორგინის მსგავსად, მანაც საკუთარი ავტომობილების წარმოება გადაწყვიტა.

უნდა ითქვას, რომ მონტევერდი ამ საქმეში საკმაოდ გაწაფული საქმოსანი იყო - თავისი გვარის მატარებელი ფირმის შექმნამდე, MBM-ის სახელით ის ერთადგილიან სარბოლ და ტურიზმის კლასის სპორტულ ავტომობილებს წლების განმავლობაში ამზადებდა. 1967 წელს კი მან გამოუშვა ავტომობილი სახელწოდებით ”მონტევერდი 375S”, რომელიც მეტად მიმზიდველი და ორიგინალური დიზაინით გამოირჩეოდა.
ლუქსის კლასის ამ კუპეს დიზაინი ცნობილმა დიზაინერმა პიეტრო ფრუამ შეიმუშავა, რომელიც თავადაც აწარმოებდა ექსკლუზიურ ავტომობილებს. ავტომობილი ”კრაისლერის” წარმოების 375-ცხენისძალიანი ძრავით აღიჭურვა, უკანა საკიდრად კი მან დე დიონის სისტემა (იმ დროისთვის უკვე საკმაოდ მოძველებული) მიიღო.

”ფერარის” ავტომობილებისგან განსხვავებით, ”მონტევერდის” პირველი მანქანა უფრო ხნიერი მომხმარებლისთვის იყო განკუთვნილი და ამიტომ, ოპციის სახით, ფირმა მყიდველს ავტომატურ ტრანსმისიასაც სთავაზობდა. ყოველივეს მიუხედავად, ”მონტევერდი” თავის ბაზელის ქარხანაში წლიურად 50 ცალ 375S ამზადებდა.
”მონტევერდის” ისტორიაში კი ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ქმნილებად ასევე სპორტული ”ჰაი 450 SS” (ჰაი გერმანულად ზვიგენს ნიშნავს) იქცა. იმ დროს, სპორტული ავტომობილების ბაზარზე მოდაში ძრავის შუა განლაგება იქცა, რაც ფორმულა 1-ის აშკარა გავლენა იყო. ”მონტევერდიმაც” ჩამორჩენა არ ისურვა და ”ჰაი 450 SS-ზე” ძრავი სწორედ შუაში განალაგა. ავტომობილის შექმნაში, თავად პეტერ მონტევერდის გარდა, მონაწილეობა ატელიე ”ფისორეს” დიზაინერმა ტრევორ ფიორემაც მიიღო.

”ზვიგენი” ძალიან მოკლებაზიანი და განიერ კვალიანი გამოვიდა. ბაზის დამოკლებას ხელი იმ გარემოებამ შეუწყო, რომ ძრავი ლამის სალონში, ორად ორ სავარძელს შორის განთავსდა. ეს კი არამარტო იმ დროის, არამედ საერთოდ, ავტოინდუსტრიის ისტორიაში არგაგონილი გადაწყვეტა იყო.
”მონტევერდიმ” ეს ძრავიც, სერია ”ჰემიდან”, ”კრაისლერისგან” აიღო. აგრეგატი 450 ცხენის ძალას ავითარებდა, რაც ავტომობილის სახელწოდებაშიც აისახა. აგრეგატი ფოლადის კუთხოვანი მილებისგან შეკრულ ჩარჩოზე ხისტად მაგრდებოდა. საკიდარი წინ და უკან განსხვავებული იყო. წინ თუ რხევების ჩაქრობას ჩანგლის ტიპის წყვილები და მათტან დაკავშირებული დრეკადი ელემენტები უზრუნველყოფდა, უკან ისევ ეგზოტიკური დე დიონი დარჩა. ავტომობილის დამუხრუჭებას კი დისკოსებრი, ვენტილირებადი სისტემა უზრუნველყოფდა.
ძარა ”ფისორემ” თავის იტალიურ საწარმოში დაამზადა. ეს ნაკლებად ცნობილი ატელიეც 50 პროცენტით მონტევერდის ეკუთვნოდა. გამოუცდელ სტუდიასთან თანამშრომლობის შედეგი ის იყო, რომ ავტომობილი საკმაოდ მძიმე გამოვიდა - ის 1290 მკგ-ს იწონიდა. თუმცა, მძლავრი ძრავის წყალობით, მას ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის 5 წამზე ნაკლებში აკრეფა შეეძლო.
”მონტევერდიმ” ეს ავტომობილი პირველად საზოგადოებას ჟენევაშუ უჩვენა. 1970 და 1971 წლებში, 450 SS კიდევ რამდენიმე გამოფენაზე გამოჩნდა და ყოველთვის, მასზე რაღაც, უმნიშვნელო დეტალი იყო შეცვლილი. 1971 წლის დეკემბერში, ეს ავტომობილი, როგორც იქნა, გაიყიდა. თითქოს, ფირმა მეტის დამზადებას აღარც აპირებდა, მაგრამ ორი წლის შემდეგ, კიდევ ერთი ”ზვიგენი” დამზადდა. ოღონდ, მას GTS უწოდეს. ესეც ”კრაისლერის” იმავე ძრავით იყო აღჭურვილი, ოღონდ უფრო გრძელი ბაზა ჰქონდა და ალუმინის ბორბლებზე იდგა.
17 წელი გავიდა, სანამ ”მონტევერდი” მესამე ”ზვიგენს” დაამზადებდა. ამჯერად, მონტევერდიმ კარბონიც გამოიყენა და ძარა ისევ გრძელ ბაზაზე დასვა. 1992 წელს ბოლო ”ჰაი” დამზადდა, ოღონდ იმ ძველი მანქანისა ამას მხოლოდ სახელიღა ჰქონდა. თანაც, იმ დროისთვის, ფირმა ”მონტევერდი” უკვე რვა წლის გაუქმებული იყო.
ბოლო ”ზვიგენს” საფუძვლიანად შეცვლილი ძარა, შასი და ”კოსუორტის” ფორმულა 1-ის ძრავი ჰქონდა.
უნდა ითქვას, რომ ყოველი ”ჰაი” სრულიად განსხვავებული ავტომობილი იყო. მონტევერდის მისი სერიული წარმოების დაწყება არც უფიქრია. თუმცა დროდადრო, მის დახვეწაზე უარს არ ამბობდა. ისე კი, თუ ვინმე ”ჰაის” შეკვეთას ისურვებდა, მონტევერდი ყველაფერს ცდილობდა, რომ შემკვეთს საბოლოო არჩევანი მოდელ 375S-ზე შეეჩერებინა. და ეს კარგად გამოსდიოდა.
ცოტა უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ პირველი პროტოტიპის გარდა, ”მონტევერდის” ამ ავტომობილის სხვა მოდიფიკაციები არც გაუყიდია. პეტერ მონტევერდი ცოცხალი აღარაა, მისი ”ზვიგენები” კი დღესაც მისი ფირმის საწარმოში დგას, რომელიც მუზეუმადაა გადაკეთებული...
რაც შეეხება იმ ერთადერთ გაყიდულ ”ზვიგენს”, ის 1971 წლის დეკემბერში, ვინმე კარლ-ჰაინც შუბერტზე გაიყიდა და მას შემდეგ, რამდენიმე მფლობელი გამოიცვალა. ბოლოს ის ამერიკელი ნორბერტ მაკნამარას ხელში აღმოჩნდა, რომელმაც საკმაოდ შელახულ მდგომარეობაში მყოფი ავტომობილი ატელიე ”ფისორეს” შეაკეთებინა და ოქროსფრად შეაღებინა. ათი წლის შემდეგ, ავტომობილი მანაც გაყიდა და მისმა ახალმა მფლობელმა, მას ძველი ფერი დაუბრუნა.
”ბონჰემის” რეტრომობილების აუქციონის სპეციალისტთა შეფასებით, ”ჰაი 450 SS-ის” ამ ეგზემპლარის ფასი 400 000-500 000 გირვანქა სტერლინგია.

No comments:

Post a Comment