Sunday, January 10, 2010

ავტოინდუსტრიის ტენდენციები 2010 წელს

10 იანვარი

რენოს ელექტრონული ოთხი მუშკეტერი (მარცხნიდან): ფლუენსი, ტვიზი, კანგუ და ზოი

..........................................................

ახალი წლის დადგომისთანავე, აქტუალური გახდა კითხვა - რა ტენდენციებია მოსალოდნელი საავტომობილო ინდუსტრიაში - გაგრძელდება შარშანდელი ტენდენციები, თუ რამე რევოლუციურად ახალია მოსალოდნელი? პირდაპირ შეიძლება ითქვას, არავითარი რევოლუცია, ხმაურიანი დებიუტები კი ალბათ მრავლად იქნება. ბაზარზე გაყიდვების მოცულობის ზრდას ელიან, თუმცა ბევრი მწარმოებელი ფრთხილ პროგნოზებს აკეთებს და თვლის, რომ ამ მხრივ, წელსაც ბევრი სიძნელის გადალახვა მოუწევთ.

მთავარი ტენდენცია კი ეკოლოგიაზე ზრუნვა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა უნდა იყოს, რაშიც უპირველეს ყოვლისა, ჰიბრიდული ტექნოლოგიების განვითარება და ბაზარზე ელექტრომობილების გამოჩენა მოიაზრება. ასე განსაჯეთ, დეტროიტის საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორებმა, კობო სენტერში სპეციალური ”ელექტრუნული ბულვარიც” კი მოამზადეს, რომელზეც ორ ათეულზე მეტი ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილის პრემიერა გაიმართება.

ჰონდა CR-Z

.................................

გავიხსენოთ გასული წლის ბოლო დიდი ავტოგამოფენის ყველაზე გამორჩეული ექსპონატები: ელექტრული ”ფოლკსვაგენ Up!”, ელექტრონული ”სმარტი”, ”მინი E”, ”აუდი E-ტრონი” და ”რენოს” ოთხი ელექტრონული მუშკეტერი (ტვიზი, ზოი, კანგუ და ფლუენსი) - ყველა მათგანს მამოძრავებელ ძალას ელექტროძრავი ანიჭებს. უფრო ადრე, ”ნისანმა” საზოგადოებას ელექტრონული ”ლიფი” უჩვენა, ცოტა მოგვიანებით კი, ტოკიოს ავტო შუზე, საზოგადოება ასევე ელექტრონული და მეტად უცნაური ”ლენდ გლაიდერით” გააკვირვა.

”მიცუბიშიმ” უკვე დაიწყო თავისი მიკრო ელექტრომობილის, i-MiEV-ის მცირესერიული წარმოება და მისი წარმოების ტექნოლოგია თავის ფრანგ პარტნიორ ”პეჟო სიტროენს” გაუზიარა. ეს ორი კომპანია კი i-MiEV-ის ბაზაზე, მალე ამ ელექტრომობილის საკუთარი ვერსიის წარმოებას შეუდგება. ამ ტრენდს არც შვედური ”ვოლვო” ჩამორჩება, რომელიც ამ დღეებში, დეტროიტის შოუზე, ჰეჩბეკ С30-ის ელექტრონულ ვერსიას წარადგენს.

შევროლე ვოლტი

.......................................

სწრაფად ვითარდება ჰიბრიდული ავტომობილების ბაზარიც. აქ უდავო ლიდერი ”ტოიოტაა”, რომლის ჰიბრიდული პრიუსუც იაპონიაში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია. მართალია, გასული წლის დასაწყისში, ამ ავტომობილს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა ”ჰონდა ინსაითის” სახით, მაგრამ საბოლოოდ, უფრო ეკონომიურმა ”პრიუსმა” ახალგამომცხვარი მეტოქე უკან ჩამოიტოვა (გაყიდვების მოცულობით).

მაგრამ ჰიბრიდების ბაზარზე, მალე რამდენიმე ახალი მოთამაშე გამოჩნდება, რომელთაგან ყველაზე გამორჩეული ალბათ ”შევროლე ვოლტი” იქნება, რომლის ძირითადი მამოძრავებელიც ელექტროძრავია, შიდაწვისძრავი კი მასში ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად გამოიყენება. ეს ახალი სიტყვაა ჰიბრიდულ კლასში და ”ჯენერალ მოტორსი” იმედოვნებს, რომ ”ვოლტის” დახმარებით, მის იმიჯს, როგორც ხარჯიანი ავტომობილების მწარმოებლისას, ყველა მალე დაივიწყებს.

ნისან ლენდ გლაიდერი

......................................................................

ჰიბრიდული ავტომობილების წარმოებას მალე პრემიუმ კლასის ავტომობილების მწარმოებლებიც დაიწყებენ. ჩვენ უკვე გაგაცანით ”ბეემვეს” ორი ჰიბრიდული მოდელი, რომლებიც მე-7 სერიის სედანსა და ქროსოვერ X6-ზეა ბაზირებული. ამ ორ ავტომობილს ჯერჯერობით შეიძლება თავისუფლად ვუწოდოთ მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ჰიბრიდები. თუმცა, მათ მალე ამ წოდებას ”ფერარის” ჰიბრიდული 599 წაართმევს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ეგრეთ წოდებული ”მსუბუქი ჰიბრიდი” იქნება. ანუ, მასში მთავარ აგრეგატად ისევ შიდაწვის ძრავი დარჩება, რომელსაც ენერგიის დაზოგვაში, ფორმულა ერთიდან მოსული სისტემა კერს-ი (კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემა) დაეხმარება.

თავიანთ მყიდველებს ჰიბრიდულ სპორტულ ავტომობილებს მალე შესთავაზებენ ”სუბარუ”, ”ნისანი” და ”ჰონდა”. ამასთან, ეს უკანასკნელი წელსვე დაიწყებს ჰიბრიდული CR-Z-ის წარმოებას. ჰო, ჰიბრიდულ მოდელებს ასევე გამოუშვებენ ”ბენტლი”, ”მერსედეს ბენცი”, ”ლამბორგინი” და ”როლს როისიც” კი. მოკლედ, ამ ტიპის ავტომობილების სეგმენტში ნამდვილი ბუმის მოსალოდნელი.

ტოიოტა პრიუსი

...........................................

თუმცა, როგორც კი ლითიუმ-იონური აკუმულატორების ფასი მნიშვნელოვნად შემცირდება, მოსალოდნელია, რომ ჰიბრიდულ ავტომობილებს მალე ელექტრომობილები დაჩრდილავს. სხვათა შორის, აკუმულატორების სიძვირის წამალი ”რენოსა” და ”ნისანს” უკვე მოფიქრებული აქვთ - პროექტ ”ბეტერ პლეისის” ფარგლებში, ეს ორი კომპანია თავიანთი ელექტრომობილებისთვის გასაღების მნიშვნელოვან ბაზარს მიიღებს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც წელსაა მოსალოდნელი, ჩინური ავტოინდუსტრიის შემდგომი აღზევებაა. ჯერ ერთი, ჩინური ბაზარი მალე ალბათ მსოფლიოს უდიდესი ბაზრის სტატუსს მოიპოვებს და ამერიკისას გადაასწრებს. მეორეც, ჩინური კომპანიები სწორედ წელს დაიწყებენ საზღვარგარეთ ექსპანსიას. ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯი, ჰოლდინგ ”ჟეძიან ჯილის” მიერ შვედური ”ვოლვოს” გამოსყიდვაა.

”ფორდი” აცხადებს, რომ ”ვოლვოში” წილის შენარჩუნებას არ აპირებს, თუმცა ჩინელთა ხელში გადასულ შვედურ კომპანიასთან პარტნიორულ თანამშრომლობას კვლავაც გააგრძელებს. ეს კი ”ჯილისთვის” უცხოურ ბაზრებზე შეღწევისთვის საუკეთესო პლაცდარმი იქნება.

ცოტა ხნის წინ, ”ბეიძინ აუტომოტივმა” ”ჯენერალ მოტორსისგან” კიდევ ერთი შვედური კომპანიის, ”სააბის” ორი მოდელის, 9-5-ისა და 9-3-ის ინტელექტუალური საკუთრება, საწარმოო ხაზებთან ერთად გამოისყიდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მალე ამ ავტომობილებს ”ბეიძინ აუტომოტივი” გამოუშვებს.

კვლავ გაგრძელდება კომპანიების გაერთიანებებისა და ერთი კომპანიის მიერ მეორის შესყიდვების პროცესი, თუმცა ამ ტენდენციას უფრო კლების პერსპექტივა აქვს, რადგან ამ მიმართულებით, საერთაშორისო ბაზარზე ძირითადი რესურსი პრაქტიკულად ამოწურულია - შარშან უკვე დაფიქსირდა ”ფიატის” და ”კრაისლერის” ალიანსი, ”პორშე” თავისი ნათესავი ”ფოლკსვაგენის” ჯგუფს შეუერთდა, ”ჰამერი” ჩინური ”ტენჭონის” კუთვნილება გახდა, ”ვოლკსვაგენმა” და ”სუზუკიმ” აქციების პაკეტები გაცვალეს და სტრატეგიული ალიანსი შექმნეს.

წელს მოსალოდნელია ”ფორდის” მიერ ”ჯილისთვის” ”ვოლვოს” მიყიდვის პროცესის დასრულება. ასევე საბოლოო სახეს მიიღებს გარიგება ”ჯენერალ მოტორსსა” და BAIC-ს შორის. ასევე მოსალოდნელია ”ვოლკსვაგენის” ოჯახში სატვირთო ავტომობილების მწარმოებელი MAN-ის შესვლა. დაბოლოს, ყველაზე მსხვილი გარიგება ”პეჟო სიტროენსა” და ”მიცუბიშის” შორის უნდა შედგეს, რომლის შედეგადაც, იაპონური კომპანია ფრანგული გიგანტის ნაწილი გახდება და ამით, ლოგიკურად გაგრძელდება ამ ორი მწარმოებლის მრავალწლიანი პარტნიორობა.

No comments:

Post a Comment