Saturday, January 16, 2010

საინსი დაკარის ჩემპიონი გახდა

დაკარის რალი რეიდი

16 იანვარი

ესპანელი კარლოს საინსის (სურათზე) გამარჯვებით დასრულდა დაკარის 2010 წლის რალი მარათონი. მართალია, კლასიკურ რალიში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს ბოლო ორ ეტაპზე, ყატარელმა თანაგუნდელმა (ფოლკსვაგენის გუნდში) ნასერ ალ-ატიამ მედგარი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ ჩამორჩენა მხოლოდ ორ წუთამდე შეამცირა.

ბოლოსწინა ეტაპზე, ალ-ატია ძალიან მონდომებული იყო და საინსს, ვინც ეტაპი მასზე ადრე დაიწყო, გაასწრო კიდეც. უფრო მეტიც, ყატარელმა იმდენად სახიფათო მანევრი ჩაატარა, რომ ორივე ”ფოლკსვაგენისთვის” რბოლა ლამის იქვე დამთავრდა. ნარბოლევს საინსი ბრაზობდა, ნასერმა რომ გამასწრო, მერე დაბლოკვა დამიწყო, ჩემი გატარება არ უნდოდაო...

”ის უკან იყო, მე კი მოტოციკლისტებს ვასწრებდი და მათ მიერ დატოვილი მტვერი ხელს მიშლიდა. ერთ მომენტში, ნასერმა გამასწრო და ოდნავ დამეჯახა, მერე კი, ჩემ წინ მანევრირება დაიწყო. ეს სპორტული საქციელი არ იყო. ის რომ სარკეში დავინახე, გზის გადაჭრა რომ დამეწყო, ვერ გამასწრებდა, მაგრამ ასე არ მოვქცეულვარ. ორი დღის წინ მის მტვერში 120 კილომეტრი გავიარე, მაგრამ არაკორექტულად არ მოვქცევივარ. ცუდია, როდესაც თანაგუნდელს ეჯახები”, - ბრაზობდა საინსი

ასე იყო თუ ისე, საინსმა ბოლომდე შეინარჩუნა წინა ეტაპებზე მოპოვებული უპირატესობა და საბოლოოდ, ალ-ატიას 2 წუთით და 12 წამით აჯობა. არადა, ყატარელმა ბოლო ეტაპიც მოიგო და მეორეზე გასულ ესპანელს 36 წამით აჯობა.

საბოლოოდ, პირველი სამი ადგილი ”ფოლკსვაგენის” ეკიპაჟებმა დაიკავეს. მესამე ადგილზე ამერიკელი მარკ მილერი გავიდა, ვინც ბოლო ეტაპზე მეხუთე ადგილს დასჯერდა, საბოლოოდ კი გამარჯვებულს 32 წუთით და 51 წამით ჩამორჩა.

დაკარი 2010-ის საბოლოო კლასიფიკაცია

1. კარლოს საინსი (ფოლკსვაგენი) 47:10:00

2. ნასერ ალ-ატია (ფოლკსვაგენი) +2:12

3. მარკ მილერი (ფოლკსვაგენი) +32:51

4. სტეფან პეტერანსელი (BMW) +2:17:21

5. გერლენ შიშერი (BMW) +4:02:49

6. კარლოს სოუსა (მიცუბიში) +4:31:45

7. გინიელ დე ვილიერსი (VW) +5:10:19

8. რობი გორდონი (ჰამერი) +6:02:24

9. ორლანდო ტერანოვა (მიცუბიში) +6:04:47

10. გილერმე სპინელი (მიცუბიში) +6:13:41

No comments:

Post a Comment