Saturday, January 16, 2010

”ჰონდა CR-Z” - ორადგილიანი ჰიბრიდული ჰეჩბეკი

დეტროიტის ავტო შოუ

16 იანვარი

დეტროიტის ავტო შოუზე, ”ჰონდას” მთავარი ექსპონატია, ჰიბრიდული ორადგილიანი კუპე ჰეჩბეკი ”ჰონდა CR-Z”, რომელიც იმავე სახელით, ოღონდ კონცეპტუალური ვერსიის სახით, პირველად ტოკიოს 2007 წლის ავტო შოუზე გამოჩნდა.

გარეგნულად, ეს ორი ავტომობილი, ერთმანეთისგან პრაქტიკულად არ განსხვავდება. ამ მხრივ, გამონაკლისია წინა ბამპერი, რომელსაც შუაზე, რადიატორის განსხვავებული ბადე ჰყოფს. ამასთან, სერიულ ავტომობილს, კონცეპტუალურთან შედარებით, უფრო დიდი ზომის უკანა ფარები და ნაკლებად დაბერილი საბორბლე თაღები აქვს.

CR-Z ბაზირებულია ჰიბრიდულ მოდელ ”ინსაითის” 115 მილიმეტრით დამოკლებულ პლატფორმაზე. ის აღჭურვილია ოთხცილინდრიანი 1.5-ლიტრიანი ბენზინის ძრავით, რომელიც 122 ცხენის ძალას ავითარებს. ძრავთან შეწყვილებულია ან 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი, ან უსაფეხუო CVT ვარიატორი. ჰიბრიდულ სისტემაში ასევე შედის 10-კილოვატიანი ელექტროძრავი, რომელიც ენერგიას ნიკელ-მეტალჰიდრიდული აკუმულატორების ბლოკისგან ღებულობს.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ”ჰონდა CR-Z” ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს 9.7 წამში ავითარებს. მექსნიკური კოლოფით სღჭურვილი ავტომობილი, ტრასაზე 100 კილომეტრს 6.3-7.5 ლიტრი საწვავით გადის, ვარიატორიან ვერსიას კი 6.1-6.5 ლიტრიც ჰყოფნის.

ჰიბრიდული სისტემა სამ რეჯიმში - ნორმალურ, ეკონომიურ და სპორტულ რეჟიმებში მუშაობს. რეჟიმის შერჩევა მძრლოს სპეციალური კლავიშებით შეუძლია, რომლებიც ხელსაწყო-მაჩვენებლების დაფის მარცხენა მხარეს მდებარეობს.რეჟიმის შერჩევის შემდეგ, ელექტრონული სისტემა საჭის მექანიზმსაც შესაბამისად მომართავს. ასევე იცვლება აქსელერატორის მოქმედების რეჟიმი და კონდიციონერისა და ელექტროძრავის მუშაობის დროც. გარდა ამისა, ავტომობილი ასევე აღჭურვილია შიდაწვის ძრავისავტომატურად გათიშვისა და ჩართვის სისტემით, რაც ეკონომიურობას აუმჯობესებს.

”ჰონდა CR-Z” პირველ რიგში, ამერიკული ბაზრისთვისაა განკუთვნილი, სადაც მისი გაყიდვები ზაფხულში დაიწყება. საბაზო კომპლექტაციით, მისი სავაზო ღირებულება 20 000 დოლარზე ნაკლები იქნება.

No comments:

Post a Comment