Saturday, January 30, 2010

”პეჟო 408” - მსოფლიო პრემიერა პეკინში

Peugeot 408 Officially Unleashed in Beijing

30 იანვარი

პეკინის მოტორ შოუზე, ფრანგულმა კომპანია ”პეჟომ” ახალი სედანი 408 DF (DF დონ ფენს, პეჟოს ჩინელ პარტნიორს აღნიშნავს, რომელთან ერთადაც, ის ჩინეთში ავტომობილებს აწარმოებს) წარადგინა, რომელიც ჩინური ბაზრისთვისაა განკუთვნილი. ახალი ავტომობილი ჰეჩბეკ 308-ს პლატფორმაზეა დამზადებული, თუმცა მასზე გრძელი ბაზა გააჩნია, რისი წყალბითაც, სალონის უკანა ნაწილში, კომფორტი მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული.

ტესტირების პროცესში, ეს ავტომობილი პაპარაცებმა რამდენჯერმე დააფიქსირეს და მაშინ ის ევროპული ”პეჟო 508” ეგონათ, რომელმაც ფრანგული კომპანიის სამოდელო გამაში, 2011 წელს ერთდროულად ორი სედანი - 407 და 607 უნდა შეცვალოს.

ცნობისათვის, აღნიშვნა 408-ში 4 ავტომობილის სიგრძის (4.68) მანიშნებელია, 0 კომპანიის მიერ დაპატენტებული შუალედური აღნიშვნაა, 8 კი მოდელის თაობას ნიშნავს. ამგვარად, 408 DF ”პეჟოს” მერვე თაობის პირველი მოდელია, რომელსაც კომპანია ჩინეთის ბაზარზე შეიტანს.

ახალი ავტომობილისთვის მხოლოდ ორი ძრავია განკუთვნილი - 1.6-ლიტრიანი 16V (16-სარქველიანი), რომელიც 110 ცხენის ძალას (5 750 ბრ/წთ-ზე) და 147 ნიუტონმეტრს (4 000 ბრ/წთ-ზე) ავითარებს და 2.0-ლიტრიანი, იმავე კონფიგურაციის, რომელიც 147 ცხენის ძალას და 200 ნიუტონმეტრს ავითარებს.

ავტომობილის უსაფრთხოების სისტემებში შედის 6 პნევმობალიში (2 წინა, 2 გვერდითა და 2 ფარდა), 5-წერტილოვანი უსაფრთხოების ღვედები და გამაფრთხილებელი ხმოვანი და ვიზუალური სიგნალები. აღსანიშნავია, რომ პრემიერამდე, ავტომობილმა 1 000 000 სატესტო კილომეტრი გაიარა.

408 DF-ის შემუშავების პროცესში, ფრანგ სპეციალისტებთან ერთად, ”დონ ფენის” მათი ჩინელი კოლეგებიც მონაწილეობდნენ. ავტომობილს ამ ორი კომპანიის ზიარი, უჰანის ქარხანა გამოუშვებს. დაგეგმილია წლიურად 100 000 ცალი 408 DF-ის წარმოება.

უკვე ხუთი წელია, რაც ”პეჟო” ჩინურ ბაზარზე ავტომობილებს ჰყიდის და ამ პერიოდში, მისმა მანქანებმა დიდი პოპულარობა მოიპოვეს. შარშან ცისქვეშეთში 410 000 ”პეჟო” გაიყიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 44 პროცენტით მეტია.

No comments:

Post a Comment