Saturday, January 30, 2010

”სუზუკი” ჟენევაში ”კიზაშის” ევროპულ ვერსიას გამოფენს

European Suzuki Kizashi Sedan to Bow at Geneva Motor Show

30 იანვარი

ჟენევის ავტო შოუზე, რომელიც მარტის პირველ რიცხვებში დაიწყება, იაპონური კომპანია ”სუზუკი” თავისი ახალი სედანის, ”კიზაშის” ევროპულ ვერსიას გამოფენს. ინგლისურ ჟურნალ ”ავტოქარის” ცნობით, სედანი, რომელიც უკვე იყიდება ამერიკულ ბაზარზე, ჟენევის შოუს დასრულებისთანავე გამოჩნდება კომპანიის შვეიცარიულ სადილერო პუნქტებში, დროთა განმავლობაში კი მისი გაყიდვა სხვა ევროპულ ქვეყნებშიც დაიწყება.

”კიზაშის” ევროპული ვარიანტი ბენზინზე მომუშავე ოთხცილინდრიანი ძრავით აღიჭურვება, რომლის მუშა მოცულობაც 2.4 ლიტრია. ძრავს 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი, ან უსაფეხურო ვარიატორი უწყვილდება. პირველი ვერსიით, ძრავის სიმძლავრე 185 ცხენის ძალას აღწევს, მეორე ვერსიით კი - 178 ცხენის ძალას.

მოგვიანებით, იაპონური კომპანია ევროპელ მყიდველს 3.2-ლიტრიანი ძრავით და ჰიბრიდული დანადგარით აღჭურვილ ”კიზაშისაც” შესთავაზებს. ოღონდ, ჯერ დაზუსტებული არაა, თუ კონკრეტულად როდის მოხდება ეს.

”სუზუკი” მყიდველს სრულამძრავიანი ტრანსმისიით აღჭურვილ ”კიზაშისაც” შესთავაზებს. ეს სისტემა უნივერსალურია. კერძოდ, ჩვეულებრივ, ის წინაამძრავიან რეჟიმში იმუშავებს, სპეციალურ ღილაკზე დაჭერის შემდეგ კი ტრანსმისია მაბრუნ მომენტს ოთხივე ბორბალს გაუნაწილებს. ამასთან, საგზაო პირობების შესაბამისად, უკანა ბორბლებს საერთო მომენტის 50 პროცენტამდე გადაეცემა.

ევროპაში ”სუზუკი კიზაში” კონკურენციას გაუწევს ”ფორდ მონდეოს”, ”სიტროენ C5-ს”, ”ტოიოტა ავენსისს”, ”ფოლკსვაგენ პასატს” და ”ოპელ ინსინიას”. ახალი სედანის ევროპული ვერსიის ფასი მოგვიანებით გამოცხადდება.

No comments:

Post a Comment