Saturday, January 30, 2010

”სააბი” ჰოლანდიურმა ”სპაიკერმა” შეიძინა

Tiny Spyker snaps up Saab

30 იანვარი

”სპაიკერის” მთავარი აღმასრულებელი ვიქტორ მიულერი (მარცხნივ) და ”სააბის მთავარი აღმასრულებელი იან-აკე იონსონი

.........................................................................

პატარა ჰოლანდიურმა საავტომობილო კომპანია ”სპაიკერმა”, რომელიც სპორტული, ექსკლუზიური ავტომობილების წარმოებითაა ცნობილი, ”ჯენერალ მოტორსისგან” შვედური ”სააბის” შეძენაზე თანხმობა მიიღო. არადა, ამ გარიგებამდე რამდენიმე დღით ადრე, პრესაში გაჩნდა ვარაუდი იმის შესახებ, რომ ამერიკული კომპანია თავისი შვედური შტოს დახურვას აპირებდა.

”სპაიკერი” ძველი კომპანიაა, თუმცა ის 1920 წელს დაიხურა და 2000 წელს განაახლა მუშაობა. ”სააბის” შეძენაში მას 74 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს. გარდა ამისა, შვედური კომპანიის აქციებსაც შეიძენს, რაშიც 326 მილიონს გადაიხდის. გარიგების კიდევ ერთი პირობა ისაა, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი, ”სააბს” კრედიტის სახით, 400 მილიონ ევროს გამოუყოფს, ამ კრედიტის გარანტი კი შვედეთის მთავრობა იქნება.

”ჯენერალ მოტორსმა” 1989 წელს, ”სააბის” აქციების ნახევარში 600 მილიონი დოლარი გადაიხადა. ამერიკული კომპანიის განცხადებით, ”სპაიკერისთვის” ”სააბის” მიყიდვის კონტრაქტი თებერვლის შუა რიცხვებში გაფორმდება. ამიტომ, შვედური კომპანიის დახურვის პროცესი ამ კონტრაქტის გაფორმებამდე შეჩერდა. და თუ ”სპაიკერი” ვერ შეძლებს დაპირებული თანხის გადახდას, მაშინ ”სააბს” დახურვა არ ასცდება.

მართალია, ”ჯენერალ მოტორსი” ”სააბის” გაყიდვაში გაცილებით ნაკლებ თანხას მიიღებს, ვიდრე თავად აქვს გადახდილი, მაგრამ ”სპაიკერთან” მიღწეული შეთანხმება, ამერიკული კომპანიისთვის მაინც წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ამ ერთი წლის განმავლობაში, მან თავისი რამდენიმე შტოს გაყიდვა ვერ შეძლო.

შარშან ”გენერლებს” თავიანთი ამერიკული შტოს, კომპანია ”სატურნის” დახურვამ მოუწია. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც ავტოსადილერო გიგანტმა ”პენსკე აუტომოტივმა” ”სატურნის” ყიდვა გადაიფიქრა. ჯერჯერობით ისევ გაურკვეველია ”ჰამერის” ბედი. ამ კომპანიის შეძენა ჩინელებს სურთ, თუმცა საბოლოო ხელშეკრულების გაფორმება რამდენჯერმე გადაიდო. ”ჯენერალ მოტორსმა” გადაიფიქრა თავისი ევროპული შტოს - ”ოპელის” (და მასთან ერთად, ვოქსჰოლისაც) გაყიდვა.

რაც ”სააბი” შეიძინა, ”ჯენერალ მოტორსს” მისგან ზარალის მეტი არაფერი მიუღია. არადა, შვედური კომპანია წარმოებაში ინოვაციურ ტექნოლოგიებს იყენებს და მისი ავტომობილებიც ყოველთვის მაღალი ხარისხით, თუმცაღა, შედარებით მაღალი ფასითაც გამოირჩევა. ”სააბის” შესაძლო დახურვის ერთადერთი მოტივი ის იყო, რომ ამერიკულ კომპანიას არ სურდა, მოწინავე ტექნოლოგიები კონკურენტი მწარმოებლების ხელში აღმოჩენილიყო.

”სპაიკერის” მთავარი აღმასრულებელი ვიქტორ მიულერი, ვინც ჰოლანდიური კომპანია ათი წლის წინ აღადგინა, აცხადებს, რომ ნორმალურ სიტუაციაში, ”სააბს”
”სპაიკერი” თავად უნდა შეეძინა. ის გარიგებამდე 5 დღის განმავლობაში, ”ჯენერალ მოტორსთან” ინტენსიურ მოლაპარაკებას აწარმოებდა და როგორც თავად განაცხადა, აღნიშნულ პერიოდში, 15 საათზე მეტი არ სძინებია.

”ნორმალურ ეკონომიკურ გარემოში, ”სააბი” ალბათ თავად იყიდდა ”სპაიკერს”. ეს შესანიშნავი ბრენდია და ვფიქრობ, მისი კრახი, უხეირო მმართველობის ყველაზე გამორჩეული ნიმუშია ავტოინდუსტრიის ისტორიაში. ბოლო 20 წლის განმავლობაში, სწორი მმართველობის შემთხვევაში, ”სააბს” თავისუფლად შეეძლო, შვედური ”აუდი” გამხდარიყო. მას მართავდა ხალხი, რომლებსაც ვერაფრით გაეგოთ ამ ბრენდის არსი და კომპანიას მუდმივად საივესტიციო შიმშილში ამყოფებდნენ, რის გამოც, მან განვითარება ვერ შეძლო”, - ამბობს ანალიტიკურ კომპანია ”IHS გლოუბლ ინსაითის” ანალიტიკოსი ტიმ ურკუჰარტი.

თავის მხრივ, ”ჯენერალ მოტორსმაც” აღიარა, რომ ”სააბის” მართვისას ბევრი შეცდომა იყო დაშვებული, რამაც შვედური კომპანია ლამის კრახამდე მიიყვანა. ამერიკული კომპანიის ვიცე აღმასრულებელი ბობ ლუცი ამბობს, რომ უკეთესი ინვესტიციების და სწორი საწარმოო სტრატეგიის შემთხვევაში, ”სააბი” გაცილბით უფრო განვითარებული კომპანია იქნებოდა.

”სპაიკერი” პატარა ფირმაა, რომელშიც სულ 100 ადამიანია დასაქმებული. ჰოლანდიური კომპანია წლიურად მხოლოდ 43 სუპერ ავტომობილს ამზადებს, რომლებიც ხელით შრომით მზადდება. მისი საბაზრო ღირებულება 85 მილიონ დოლარს შეადგენს. შედარებისთვის, ”სააბში” დასაქმებულთა რაოდენობა 3 400-ს აღწევს.

ამ ორ კომპანიას ერთი საერთო აქვს - ისინი წაგებაზე მუშაობენ. ”სააბმა” შარშან 21 000-ზე ნაკლები ავტომობილი გამოუშვა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 77 პროცენტით ნაკლებია. შარშანვე, შვედურმა კომპანიამ 400 მილიონი ევრო იზარალა. შარშან, ”ჯენერალ მოტორსმა” ”სააბის” მოძველებული ტექნოლოგიები და ორი მოძველებული მოდელის საწარმოო ხაზები ჩინურ BAIC-ს მიჰყიდა, თუმცა ამის მიუხედავად, ”სპაიკერის” სურვილი, შეეძინა შვედური კომპანია, ოდნავაც არ განელებულა.

No comments:

Post a Comment