Friday, January 8, 2010

უცნაური ”ლამბორგინი”

8 იანვარი

აღმოსავლეთ ლონდონში მცხოვრებმა 32 წლის არქიტექტორმა ბენედიქტ რედკლიფმა უცნაური პროექტი განახორციელა - ფოლადის მავთულებისგან ერთ დროს პოპულარული ”ლამბორგინი კოუნტაჩის” რეპლიკა შექმნა. არქიტექტორის ქმნილება ზომებში ზუსტად ემთხვევა ორიგინალურ სუპერ კუპეს, თუმცა არც ძრავი გააჩნია, არც ტანსმისია და არც ინტერიერი.

ნახაზების შედგენას რედკლიფმა რამდენიმე კვირა მოანდომა, რაშიც მას ”ლამბორგინი” დაეხმარა. მალე კი, იტალიური კომპანიისგანვე, თავისი ჩანაფიქრის განხორციელების ოფიციალური ნებართვა აიღო. თავისი ჩანაფიქრის აწყობას კი ენთუზიასტმა ოთხი თვე მოანდომა.

აღსანიშნავია, რომ რედკლიფმა მავთულებით ”კოუნტაჩის” ყველა ფორმა გამოიყვანა. ასე განსაჯეთ, ბორბლებიც მავთულებისგან დაამზადა და მათ ”პირელის” წარწერაც გაუკეთა.

”ეს იკონური ავტომობილია, რომელსაც მნახველი ახლაც კი აღტაცებაში მოჰყავს. მართალია, ჩემი ”კოუნტაჩი” უმოძრაოა, მაგრამ ის ორიგინალურია. როცა ხალხი მას ხედავდა ლონდონის ქუჩებში, ბევრი მისაბმელზე ადიოდა და შიგნით ჩაჯდომას ცდილობდა. რა თქმა უნდა, ნამდვილ ”ლამბოს” ყოლას ვისურვებდი, მაგრამ ეს მანქანები ძალიან ძვირია. ამიტომ, მე ჩემებურად შევძელი საკუთარი ”ლამბოს” შექმნა”, - ამბობს რედკლიფი.

ცნობისათვის, ”კოუნტაჩს” ”ლამბორგინი” 1974-1989 წლებში აწარმოებდა და მისი მეშვეობით, ”ფერარის” სერიოზულ კონკურენციას უწევდა. რედკლიფი იმედოვნებს, რომ მავთულებით აწყობილ ”კოუნტაჩს” 40 000 გირვანქა სტერლინგად გაჰყიდის.

No comments:

Post a Comment