Friday, January 8, 2010

”ჰიუნდაის” ”ლურჯი სურვილი” დეტროიტში

Hyundai Blue-Will

8 იანვარი

დეტროიტის საავტომობილო შოუსთვის, კორეულმა კომპანია ”ჰიუნდაიმ” ჰიბრიდული მოდელი ”ბლიუ-ვილ” მოამზადა, რომელიც სავარაუდოდ, ამერიკულ ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდება. ეს პირველი ჰიბრიდული ავტომობილია, რომელიც კორეულმა კომპანიამ მოამზადა. თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა, ის მხოლოდ ამერიკის ბაზრისთვის შეიქმნა, თუ გლობალური ბაზრისთვის.

”ბლიუ-ვილი” აღჭურვილია მუდმივად ცვალებად ტრანსმისიასთან დაკავშირებული ბენზინის 1.6-ლიტრიანი ძრავით, რომლის ბლოკიც და ცილინდრების თავიც ალუმინისგანაა დამზადებული, საწვავი კი მას უშუალოდ წვის კამერაში მიეწოდება. შიდაწვის ძრავთან და ტრანსმისიასთან უნისონში 100-კილოვატიანი ელექტროძრავი მუშაობს.

აკუმულატორების ბლოკი და საწვავის ავზი უკანა სავარძლების ქვეშაა მოთავსებული, რითაც საბარგულში ადგილი ბარგისთვის გამოთავისუფლდა. ავტომობილის სახურავზე მზის ელემენტების პანელი მდებარეობს, რომელიც აკუმულატორებს მოძრაობის დროს, დამატებითი ენერგიით მუხტავს.

კორეული კომპანიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ”ლურჯი სურვილს” მარტო ელექტროძრავით თითქმის 60 კილომეტრის გავლა შეუძლია. ჰიბრიდულ რეჟიმში მოძრაობისას, ავტომობილი 100 კილომეტრის გასავლელად 4.2 ლიტრ საწვავს მოიხმარს. ეგრეთ წოდებულ პლაგ-ინ რეჟიმში მოძრაობისას კი საწვავის ხარჯი 2.2ლიტრი/100 კმ-ის ექვივალენტურია.

No comments:

Post a Comment