Friday, January 8, 2010

მომავლის ”მერსედესს” გონება მართავს

Mercedes Benz Cyborg Sensation Concept

8 იანვარი

როდესაც ავტოდიზაინერები თავისუფალ კონცეპციებს ქმნიან, ყველაზე ხშირად თავიანთი ქმნილებისთვის რეალურ აგრეგატებს არჩევენ, თუმცა არანაკლებ ხშირია შემთხვევები, როდესაც მათი ფანტაზია ძრავებს და მართვის უჩვეულო საშუალებებსაც გასწვდება ხოლმე. და ამ დროს, შეიძლება ისეთი განსაზღვრებაც კი გაიგონოთ, რასაც თვით ნაცარქექია და ბარონი მიუნხჰაუზენიც კი ვერ შემოგთავაზებდათ...
ახალგაზრდა დიზაინერმა დერეკ ჩიკ კინმა მოამზადა კონცეპტუალური ”მერსედეს ბენც საიბორგ სენსეიშნ ვიჰაიქლი”, ავტომობილი, რომელიც თავისი გარეგნობითაც დანახვისთანავე იქცევს ყურადღებას. და სანამ მის აგრეგატს შევეხებოდეთ, გეტყვით, რომ დაახლოებით ასეთი ავტომობილი ევროპულ გზებზე 2040 წელს უნდა გამოჩნდეს. არ შეგეშინდეთ, ესეც კონცეპციის ავტორის ვერსიაა. ისე, შტუტგარტელები ასეთ მონსტრს კონვეიერს სიზმარშიც არასდროს გააკარებენ - ასეთი ავანგარდიზმი მათ არც ახლა ახასიათებს და ძნელი წარმოსადგენია, მომავალში შეიცვალონ ამ საკითხისადმი მიდგომა.

კონცეპციის მიხედვით, ავტომობილი ორადგილიანია და ალბათ არ გაგიკვირდებატ (მისი გარეგნობიდან გამომდინარე), თუ გეტყვით, რომ ის უგზოობის პირობებში თავს ისე იგრძნობს, როგორც თევზი წყალში. მაგრამ მთავარი არც ესაა. მთავარი ისაა, რაც სათაურში წერია!

ავტომობილს არც საჭის რგოლი აქვს, არც ჯოისტიკი და არც პედლები. რა საჭიროა ეს ყველაფერი, თუკი ადამიანს ”კიბორგული სენსაციის” მართვა გონების ძალითაც შეუძლია. როგორც ამბობენ, გონებით მექანიზმების მართვა მიღწევადი რამაა, მაგრამ ავტომობილში ასეთი სისტემის გამოყენება ბევრ სირთულესთან იქნება დაკავშირებული. თუმცა პროექტის ავტორს ეს სრულებით არ აშინებს.

ის შემდეგ აღწერილობას გვთავაზობს - მძღოლისთვის განკუთვნილია სპეციალური ჩაფხუტი, რომელსაც მისი აზრების წაკითხვა შეუძლია. ჩაფხუტის სენსორები ტვინის მიერ გამოცემულიმპულსებს იჭერენ და მათ კომპიუტერს გადასცემენ, რომელიც მიღებულ ინფორმაციას გადაამუშავებენ და მართვის სისტემებს ბრძანების სახით უგზავნიან.

მართვის სისტემის მუშაობის პრინციპის ასეთი ”დაწვრილებითი” აღწერა კარგია, მაგრამ პროექტში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ რა ტიპის აგრეგატით აღიჭურვება ”კიბორგული სენსაცია”.

სამაგიეროდ, იბადება კითხვა. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მძღოლს თვალი სხვა რამისკენ (ვთქვათ, ლამაზი ქალისკენ) გაექცევა და მართვაზე წამიერად მაინც არ იფიქრებს? ალბათ, კარგი არაფერი. თუმცა, სანამ ასეთი ავტომობილის წარმოების საკითხი დღის წესრიგში დადგება, გამომგონებლები ადამიანის ტვინს, წინასწარი დაპროგრამებული კიბერნეტიკული ტვინით, ან ადამიანისა და კიბერნეტიკული ტვინების ჰიბრიდით შეცვლიან...

No comments:

Post a Comment