Friday, February 5, 2010

”ლამბორგინის” ახალი სუპერ სათამაშო - ჯოტა

Lamborghini Jota

5 თებერვალი

სუპერ ავტომობილების მწარმოებელ იტალიურ კომპანია ”ლამბორგინის” რამდენიმე მიზანი აქვს დასახული. ამათგან ერთი ისაა, რომ აღარ გაიზარდოს ძრავების სიმძლავრე და ავტომობილების დინამიკური მახასიათებლები მეტწილად მათი შემსუბუქების ხარჯზე გაუმჯობესდეს. მეორე ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების დანერგვაა, რომლის ერთ-ერთი პირველი გამოვლინება ისაა, რომ კომპანიის საწარმოს სახურავზე, ფოტოელემენტები დამონტჟდა. მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი, საწარმოო პროგრამის გამრავალფეროვნებაა.

მალე კომპანია შეწყვეტს თავის სუპერ მოდელ ”მურსიელაგოს” წარმოებას, რისთვისაც მუშაობა უკვე დაწყებულია მის შემცვლელზე, რომელსაც ”ჯოტას” დაარქმევენ, სახელს, რომელიც იტალიურმა კომპანიამ პირველად 1970-იან წლებში, მოდელ ”მიურას” სატესტო ვერსიისთვის გამოიყენა.

რა თქმა უნდა, მომავალი სიახლის შესახებ, კომპანიისგან ჯერჯერობით მხოლოდ მწირი ინფორმაცია არსებობს, მაგრამ ინტერნეტით უკვე გავრცელდა მისი სავარაუდო მონაცემები და კომპიუტერით შედგენილი ფოტო-რობოტიც კი (სურათზე). სავარაუდოდ, ის ”მურსიელაგოზე” მსუბუქი უნდა იყოს და აღიჭურვება 6.0-ლიტრიანი V12 ძრავით, რომლის სიმძლავრეც, 700-დან 800 ცხენის ძალამდე იქნება (უფრო სავარაუდო 700 ცხ.ძ-ა).

ასევე სავარაუდოდ, ”ჯოტა” ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 3 წამზე ნაკლებს მოანდომებს. რამდენი ექნება მაქსიმალური სიჩქარე, ამაზე ვარაუდიც კი ძნელია.

იტალიური კომპანია ”ჯოტას” პლატფორმაზე, რომლის მზიდი ტანი ალუმინისა და კარბონის კომპოზიტისგან დამზადდება, კიდევ ორ მოდელს შექმნის. პირველი იქნება უფრო დიდი და ძლიერი ”ურუსი”. ამის შასის მზიდი ელემენტი მთლიანად კარბონის კომპოზიტისგან შეიქმნება. ამასთან, ”ურუსი” უფრო მძლავრი ძრავით აღიჭურვება და მასთან ერთად, უკეთესი აეროდინამიკის წყალობით, დინამიკური მაჩვენებლებიც უკეთესი ექნება. შედარებით სუსტი და იაფი უნდა იყოს მეორე ავტომობილი, რომლის სავარაუდო სახელიც კი, ჯერ ცნობილი არაა. თუმცა, ისიც V12 ძრავით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 600 ცხენის ძალას მიაღწევსა.

No comments:

Post a Comment