Friday, February 5, 2010

”ფერარიმ” სამომავლო გეგმა გამოაქვეყნა

Ferrari Lays Out Future Plans

5 თებერვალი

სიდნეიში, ”ფერარისა” და ”მაზერატის” ახალი სადილერო ცენტრის გახსნის ცერემონიაზე, იტალიური კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა ამედეო ფელისამ ”ფერარის” სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში, მარანელოელები ოთხ ახალ მოდელს გამოუშვებენ.

ფელისას თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე, კომპანიის დილერები მიიღებენ მოდელ ”599 GTB ფიორანოს” გაძლიერებულ ვერსია GTO-ს, რომელიც 650 ცხენის ძალამდე გაძლიერებული 6.0-ლიტრიანი V12 ძრავით იქნება აღჭურვილი. მერმის იგეგმება მოდელ ”458 იტალიას” (სურათზე) ღია ვერსიის გამოშვება. სამაგიეროდ, ჯერჯერობით უცნობია, გამოუშვებენ თუ არა მარანელოელები ამავე ავტომობილის შემსუბუქებულ ვერსია ”სკუდერიას”.

ფელისამ ასევე დაადასტურა ის ინფორმაციაც, რომლის მიხედვითაც, ჟენევის ავტო შოუზე, ”ფერარი” მოდელ ”599 GTB ფიორანოს” ბაზაზე შექმნილი ჰიბრიდული ავტომობილის პროტოტიპს გამოფენს. ეს ავტომობილი უკვე ერთი წელია, რაც საგზაო გამოცდებს გადის. ფელისას განცხადებით, საბაზო ვერსიასთან შედარებით, ჰიბრიდული მოდელი 80 კილოგრამით მძიმეა. მანვე დასძინა, რომ ამ ავტომობილის გაყიდვები უახლოეს ხუთ წელიწადში არ დაიწყება.

”ჯერჯერობით, არც ჰიბრიდული ტექნოლოგიაა ბოლომდე შემუშავებული და არც მომწოდებლები არიან მზად. ჯერჯერობით, ყველაფერი დამუშავების პროცესშია. ძალიან ბევრი სამუშაოა შესასრულებელი. ჯერ ისიც კი ვერ გადაგვიწყვეტია, თუ როდის დავიწყოთ ამ ავტომობილის წარმოება. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ჩვენს აავტომობილებზე ჰიბრიდული დანადგარები, 2015 წელზე ადრე ვერ გამოჩნდება. ჰიბრიდული შეიძლება გახდეს წინა, შუამოტორიანი სპორტული ავტომობილები. ასევე მანქანები, რომლებიც V8 ან V12 ძრავებითაა აღჭურვილი. თუ ჩვენ ამ ტექნოლოგიის ათვისებას შევძლებთ, მაშინ მას ჩვენს ყველა ავტომობილზე გამოვიყენებთ”, - განაცხადა ფელისამ.

მანვე დასძინა, რომ პირველი მოდელი, რომელზეც ენერგიის დამზოგ სისტემებს გამოიყენებენ, მოდელი ”კალიფორნიაა”. ასეთი ავტომობილი ”ფერარის” სადილერო ცენტრებში მერმის გამოჩნდება. ის აღიჭურვება საწვავის უშუალოდ შეფრქვევის სისტემით, სტოპ-სტარტით, ელექტროძრავებით, ცილინდრების გათიშვის სისტემით. მათი მეშვეობით, საერთო ჯამში, საწვავის ხარჯის 15 პროცენტით შემცირებაა შესაძლებელი.

დაბოლოს, უკვე შემუშავების პროცესშია ლეგენდარული ”ენცოს” შემცვლელი. წინასწარი ინფორმაციით, ახალი ავტომობილი V12 ძრავით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 750-800 ცხენის ძალა იქნება. არც ისაა გამორიცხული, რომ მის ბაზაში 50-100 ცხენის ძალით სუსტი V8 აგრეგატი განლაგდეს. ამ ავტომობილის გაყიდვები უახლოეს ორ წელიწადში დაიწყება და ”ფერარი” მას, ისევე როგორც ”ენცოს” შემთხვევაში, მხოლოდ 500 ეგზემპლარს დაამზადებს.

No comments:

Post a Comment