Thursday, March 25, 2010

”ბუგატი” სედანს 2013 წელს გამოუშვებს

New Bugatti saloon in 2013

25 მარტი

კომპანია ”ბუგატი” ოთხკარიან სედან ”16C გალიბიერის” წარმოების დაწყებას 2013 წელს აპირებს. მართალია, ამ საკითხზე ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა, მაგრამ ჟენევის მოტორ შოუზე ამ ავტომობილის პროტოტიპის ჩვენება იმის მანიშნებელია, რომ ”ფოლკსვაგენის” ჯგუფში შემავალ კომპანიას მის წარმოებასთან დაკავშირებით სერიოზული გეგმები აქვს.

ბრიტანულ ჟურნალ ”ავტოქარის” ინფორმაციით ”16C გალიბიერის” წარმოების საკითხი საბოლოოდ მას შემდეგ გადაწყდება, რაც ”ფოლკსვაგენი” ”ბუგატის” აქციების მსხვილ პაკეტს გაჰყიდის. გერმანულ კომპანიას ”ბუგატის” 65 მილიონი პრივილეგირებული აქციის გაყიდვა აქვს გადაწყვეტილი და იმედოვნებს, რომ მათში დაახლოებით 4 მილიარდ ევროს მიიღებს. ამ თანხის დიდი ნაწილი კი ”ბუგატის” საწარმოო პროგრამის გაფართოებას და ახალი მოდელების წარმოების დაწყებას მოხმარდება.

”ასე იქნება თუ ისე, ჩვენ ამ მოდელის წარმოებას დავიწყებთ. კონცერნ ”ფოლკსვაგენის” ჯგუფში, ”ბუგატი” ყველაზე პატარა კომპანიაა. კრიზისის პერიოდში კი, ამ მარკით ახალი მოდელების წარმოების დაწყება, პრიორიტეტული საკითხი არაა. თუმცა, მოსალოდნელია, რომ ამ ავტომობილის წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას ალბათ ზაფხულში მივიღებთ. ჯერჯერობით, მოვლენები ჩვენთვის სასურველი მიმართულებით ვითარდება. ჟენევაში მანქანა ბევრს მოეწონა, მისი წარმოების დაწყება კი დიდ თანხებთან დაკავშირებული არაა”, - ჟურნალთან საუბრისას განაცხადა ”ბუგატის” წარმომადგენელმა, ვინც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

მისივე თქმით, ”ბუგატი” მხოლოდ 300 ცალი ”16C გალიბიერის” წარმოებას აპირებს, როგორც ეს ”ვეირონის” შემთხვევაში იყო. რაც შეეხება მის ფასს, ”ავტოქარის” ინფორმაციით, სედანი დაახლოებით 1.5 მილიონი ევრო ეღირება.

ცნობისათვის, სრულამძრავიანი ”16C გალიბიერი” იმავე 8.0-ლიტრიანი W16 ძრავით აღიჭურვება, რომელიც ”ვეირონზე” გამოიყენება. ოღონდ, მისი სიმძლავრე 800 ცხენის ძალამდე შემცირდება. ამასთან, ოთხი ტურბოკომპრესორის ნაცვლად, ძრავს მექანიკური დამჭირხნები მოემსახურება. გავრცელებული ინფორმაციით, ძრავს 8-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი შეუწყვილდება. ამ ტანდემის მეშვეობით, ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 350 კმ/სთ-ს მიაღწევს.

No comments:

Post a Comment