Thursday, March 25, 2010

”ჯენერალ მოტორსის” კონცეპცია EN-V - ავტომობილი, თუ...

GM EN-V Concept Unveiled. Not a Car, but a... What?

25 მარტი

ამ ფოტოებზე რომ ვირტუალურ მანქანების მსგავს წარმონაქმნებს ხედავთ, მათ დიდი გაჭირვებით თუ ვუწოდებთ ავტომობილს. თუმცა, ”ჯენერალ მოტორსის” განსაზღვრებით, ეს მომავლის სატრანსპორტო საშუალებებია, რომლებითაც, არცთუ უახლოეს მომავალში, საშინლად გადატვირთული მეგაპოლისების გზებზე, იაფად და კომფორტულად გადაადგილება იქნება შესაძლებელი.

ამერიკული კომპანია უკვე ორი წელია ცდილობს, რომ შეიცვალოს იმიჯი და ეკონომიური და ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების მწარმოებლის სახელი დაიმკვიდროს. მალე ”გენერლები” გაზრდილი სვლის მქონე ჰიბრიდული ”შევროლე ვოლტის” წარმოებას დაიწყებენ და თავიანთ სამოდელო გამაში ნელნელა ელექტრომობილების რაოდენობასაც გაზრდიან. უფრო შორეულ მომავალში კი მათ თავიანთი პარკის მთლიანად ელექტრომობილებით შეცვლა აქვთ განზრახული.

რაც შეეხება კონცეპცია EN-V-ს, ის ამერიკულმა კომპანიამ ჩინურ ”შანჰაი ავტომოტივ ინდასტრი კორპორეიშნთან” (SAIC) ერთად შეიმუშავა და მისი პრეზენტაციაც შანჰაიში, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს მეგაპოლისში ჩაატარა. შანჰაიზე არჩევანი ტყუილად არ შეჩერებულა: 2030 წელს, როდესაც ჩვენი პლანეტის მოსახლეობის რაოდენობა 8 მილიარდს მიაღწევს, მათი დაახლოებით 60 პროცენტი ქალაქებში იქნება დასახლებული, ყველაზე დიდი მეგაპოლისები კი იმ დროისთვის ჩინეთში იქნება (ცნობისათვის, დღეს შანჰაისა და მის შემოგარენში, 20 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს).

შესაბამისად, გაიზრდება მოთხოვნილება პატარა, ეკონომიურ, ეფექტურსა და იაფფასიან სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ქალაქის გადატვირთულ გზებზე გადასაადგილებლად უფრო მოსახერხებელი იქნება, ვიდრე ჩვეულებრივი ავტომობილები.

კონცეპტუალური მოდელის სახელწოდება EN-V არის აბრევიატურა განსაზღვრებისა ”ელექტრიკ ნიტუორკედ-ვიჰაიქლ” (ანუ ელექტრონული ქსელური მანქანა). ეს არის ევოლუციური გაგრძელება პროექტისა P.U.M.A. (პერსონალ ურბან მობილიტი ექსესიბილიტი, ანუ პერსონალური საქალაქო გადაადგილება და ხელმისაწვდომობა), რომელიც ”ჯენერალ მოტორსმა” შარშან, კომპანია ”სეგვეისთან” ერთად წარმოადგინა.

რამდენადაც კონცეპცია ჩინელ პარტნიორთან ერთად მომზადდა და პრესპექტივაში, ის პირველ რიგში, ჩინური ბაზრისთვისაა განკუთვნილი, მოდელებსაც ჩინური სახელები - ”ძიაო” (სიამაყე), ”მიაო” (მაგია) და ”სიაო” (ღიმილი) უწოდეს. სამივე მოდელის დიზაინი ”ჯენერალ მოტორსის” სხვადასხვა შტომ დაამზადა. მაგალითად, ”სიაოს” გარეგნობა ამერიკული კომპანიის ავსტრალიური შტოს, ”ჰოლდენის” სპეციალისტებმა შეიმუშავეს. ”ძიაო” ”ჯენერალ მოტორსის” ევროპული შტოს ნახელავია, ”მიაო” კი ”ჯენერალ მოტორსის” მოწინავე დიზაინის სტუდიამ შეიმუშავა, რომელიც კალიფორნიაში მდებარეობს.

ოზ დიზაინერთა ნახელავი ზღვის და ოკეანის თემას ეხმაურება, რაზეც ”სიაოს” ზღვისფერი და ფანჯარა-ილუმინატორები მიგვანიშნებს. ევროპელებმა ”ძიაოს” დიზაინის შთაგონების წყაროდ აღმოსავლური თეატრალური ნიღბები და ჩინური ჩქაროსნული მატარებლების ფორმები გამოიყენეს. რაც შეეხება კალიფორნიელებს, მათ აქცენტი თანამედროვე ტექნოლოგიებზე გააკეთეს და ”მიაო” თხევადკრისტალური გასანათებელი საშუალებებით აღჭურვეს.

EN-V-ის პროექტით შექმნილი მოდელები ორბორბლიანია და რა თქმა უნდა, ისინი ”სეგვეის” თვითმავალ ეტლებს მოგვაგონებს. მსგავსება რეალურია - მათში სწორედ ”სეგვეის” სტაბილიზაციის ის ტექნოლოგია გამოიყენება, რომელიც სატრანსპორტო საშუალებას წონასწორობის შენარჩუნებაში ეხმარება. თითოეულ ბორბალს მამოძრავებელ ძალას ინდივიდუალური ელექტროძრავი ანიჭებს. EN-V-ის მოდელებში ორი დასაჯდომი და მცირე ბარგის დასადები ადგილია. მოდელების გაბარიტები ჩვეულებრივი ავტომობილისაზე მხოლოდ მესამედს შეადგენს და თანაც, მათ ადგილზევე მობრუნება შეუძლიათ. ამგვარად, გადატვირთულ ქუჩებში მათი მანევრულობა მისწრება იქნება.

ძრავები გამოიყენება როგორც აჩქარებისთვის, ასევე დამუხრუჭებისთვისაც. ისინი ენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორებისგან იკვებებიან. თავის მხრივ, აკუმულატორები საყოფაცხოვრებო ელექტროქსელიდან იმუხტება. სრულად დამუხტული აკუმულატორებით, EN-V-ის მოდელებს 40 კილომეტრის გავლა შეუძლიათ.

ახლა იმაზე, თუ რატომ შედის პროექტის სახელწოდებაში სიტყვა ქსელური. საქმე ისაა, რომ სამივე მოდელი კავშირის უმავთულო და სანავიგაციო სისტემებითაა აღჭურვილი, რომელთა მეშვეობითაც, მათ დამოუკიდებლად ორიენტირება მძღოლისგან დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლიათ და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ისინი ერთმანეთთანაც დაამყარებენ კავშირს. რა თქმა უნდა, უსაფრთხოება უმაღლეს დონეზე იქნება ორგანიზებული, რაშიც მოდელებს ურთიერთკომუნიკაცია დაეხმარება.

EN-V-ის მოდელები კარბონის კომპოზიტის, ლექსანისა და აკრილების გამოყენებით დამზადდება. მათი სიგრძე 1.5 მეტრი, წონა კი 500 კილოგრამზე ნაკლები იქნება. რაც შეეხება მაქსიმალურ სიჩქარეს, ის მხოლოდ 40 კმ/სთ-ია, რაც ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებისთვის საკმაოდ მისაღებია.

”მომავალში, ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიც შანჰაია, გადაადგილება ძალიან გართულდება და ამ სიტუაციაში, საუკეთესო გამოსავალი EN-V გახდება. ეს პროექტი იმის მიმანიშნებელია, რომ ჩვენ ამ ეტაპზევე გვაქვს იმის ცოდნა და გამოცდილება, რომ შევქმნათ სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც მეგაპოლისების მცხოვრებლებს უკეთეს ქალაქებში, უკეთესად ცხოვრების საშუალებას მისცემს”, - ამბობს ”ჯენერალ მოტორსის” კვლევებისა და განვითარების განყოფილების ვიცე პრეზიდენტი ალან ტაუბი.

”ჯენერალ მოტორსი” და SAIC-ი ”ძიაოს”, ”მიაოს” და ”სიაოს” ფართო საზოგადოებას პირველად მსოფლიო გამოფენა ექსპოზე წარმოადგენენ, რომელიც შანჰაიში 1 მაისს გაიხსნება და 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

No comments:

Post a Comment