Thursday, March 25, 2010

”ბეემვე” მე-3 სერიის ჰეჩბეკსაც გამოუშვებს

BMW 3-Series

25 მარტი

”ბეემვე” უკვე მუშაობს მე-3 სერიის მოდელის განახლებაზე. ავტომობილი, რომლის შიდაკორპორატიული სახელწოდებაცაა F30, სედანის ძარით ბაზარზე პირველად 2012 წელს გამოჩნდება. მას უნივერსალის ძარიანი მოდელი, ჰეჩბეკი, კუპე და კაბრიოლეტი მოჰყვება. ამათგან, გამაში სრული სიახლე ჰეჩბეკი იქნება, რომლის გაყიდვებიც 2013 წლის მარტში უნდა დაიწყოს.

ეს იქნება მე-3 სერიის GT, რომელიც გარეგნულად მე-5 სერიის GT-ს დაემსგავსება. ოღონდ, მისგან განსხვავებით, მას ჩვეულებრივი, ”მთლიანი” უკანა კარი ექნება და არა ორსეგმენტიანი, როგორიც მე-5 სერიის GT-ს აქვს.

მე-3 სერიის ახალი მოდელი სრულიად ახალ პლატფორმაზე აიგება, რომელიც წინა საკიდარს შემდეგი თაობის პირველი სერიის მოდელისგან (F20) გაიზიარებს. ახალი სამიანი მე-5 სერიის ავტომობილის სტილში შესრულდება და წინა თაობის მოდელთან შედარებით, გაბარიტებში მოიმატებს. ამასთან, ჰეჩბეკი და უნივერსალი დაგრძელებულ პლატფორმაზე აიგება. ამით, მათს ინტერიერში, თავისუფალი სივრცე მოიმატებს.

ახალი მე-3 სერიის ავტომობილების ძრავების გამა ბენზინის ორი და დიზელის ამდენივე ახალი ძრავით შეივსება. ბენზინის აგრეგატების მოცულობა 1.6 და 2.0 ლიტრია და ისინი (შესაბამისად) 136 და 252 ცხენის ძალას გამოიმუშავებენ. რაც შეეხება დიზელის ძრავებს, მათი მუშა მოცულობაც 1.6 და 2.0 ლიტრია, სიმძლავრე კი, შესაბამისად, 150 და 245 ცხენის ძალა. ტოპ ვერსია აღიჭურვება 3.0-ლიტრიანი V6 ძრავით, რომელიც წყვილი ტურბოკომპრესორის დახმარებით, 450 ცხენის ძალას განავითარებს.

ამერიკულ გამოცემა ”ავტომობილის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ახალი მე-3 სერიის აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი სულ რაღაც 0.24 იქნება, რაც შესანიშნავი მაჩვენებელია. ასეთი დაბალი კოეფიციენტის მიღწევა კი კაპოტქვეშა სივრცის, საბორბლე თაღების, სამუხრუჭე მექანიზმების, ასევე ავტომობილის ძირის აეროდინამიკის დახვეწით იქნება შესაძლებელი. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, ავტომობილის აეროდინამიკურ მახასიათებლებს სწორედ ჩამოთვლილ არეებში ჰაერის ნაკადის სწორად განაწილება განაპირობებს. ამასთან, მანქანის საერთო აეროდინამიკური ეფექტურობა ძარის პროპორციასა და ფორმაზე მხოლოდ 40 პროცენტითაა დამოკიდებული.

დაბოლოს, ახალი მე-3 სერიის მოდელს წამყვანი ან მხოლოდ უკანა ბორბლები ექნება, ან ყველა, ძრავი კი კვლავ მის წინა ნაწილში მოთავსდება. ამასთან, მის ძრავებს 6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი შეუწყვილდება.

No comments:

Post a Comment