”ჯუჯაროს”, ”ლოტუსის” და ”პროტონის” სამი საერთო კონცეპცია
Italdesign Giugiaro EMAS
21 მარტი
ემას ქანთრიიტალიურმა ატელიე ”იტალდიზაინ ჯუჯარომ” ჟენევაში თავისი კონცეპტუალური ტრიო წარადგინა სახელად ”ემას” (მალაიზიურად ეს სიტყვა ოქროს ნიშნავს), რომელიც ინგლისურ ”ლოტუსთან” და მალაიზიურ ”პროტონთან” (ლოტუსი პროტონის ჯგუფში შედის) ერთად შეიქმნა.
ემას კომფორტი
სამი ავტომობილიდან, ორი ხუთკარიანია, ერთი კი - სამიანი. მათგან ”ემას კომფორტი” ხუთკარიანი ჰეჩბეკია, ”ემას ქანთრი” - ქროსოვერი, ”ემას3 სიტი” კი - სამკარიანი ჰეჩბეკი. ამასთან, თუ პირველი ორის სალონში ოთხი სავარძელი დაგხვდებათ, სამკარიანის ჩასაჯდომი ფორმულა 3+1-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მხოლოდ სამი სრულფასოვანი ადგილი აქვს, რომლებზეც ზრდასრული ადამიანი მოთავსდება, მესამე ადგილი კი ბავშვისთვისაა.
”ემას კომფორტი” და ”ემას ქანთრი” ერთსადაიმავე პლატფორმაზეა ბაზირებული, რომელიც ”ჯუჯარომ” დამოუკიდებლად შეიმუშავა. მათი სიგრძე 3550 მილიმეტრი, ბაზა კი 2590 მილიმეტრია. ასეთი დიდი ბაზის წყალობით, როგორც პრეს რელიზში წერია, მათ სალონში ოთხი კომფორტული სავარძელი მოთავსდა, რომლებიც ბიზნეს კლასის მოთხოვნებს შეესაბამება. უფრო მეტიც, ”კომფორტის” საბარგულის მოცულობა 320 ლიტრი, ”ქანთრისა” კი 390 ლიტრია. და თუ უკანა სავარძლებს დავკეცავთ, საბარგულის მოცულობა 780 ლიტრამდე იზრდება.
ემას3 სიტი
”ემა3 სიტის” პლატფორმა კი პირველი ორის პლატფორმის დამოკლებული ვერსიაა. ამ ავტომობილის სიგრძე 2985 მილიმეტრი, ბაზა კი 2000 მილიმეტრია. ამ ზომებით, ის პრაქტიკულად ”ტოიოტას” ჯუჯა iQ-ს ტოლია. ჰოდა, გასაკვირი აღარ უნდა იყოს, რომ მისი სალონის უკანა ნაწილში მხოლოდ ერთი სრულფასოვანი სავარძელი მოთავსდა (მძღოლის უკან).
სამაგიეროდ, ტექნიკური აღჭურვილობა სამივე ავტომობილს ერთნაირი აქვს. ისინი მამოძრავებელ ძალას 61-ცხენისძალიანი (მაბრუნი მომენტი 240 ნმ) ელექტროძრავისგან ღებულობენ, რომელიც ელექტროენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკისგან იკვებება. თავის მხრივ, აკუმულატორებს ”ლოტუსის” წარმოების 1.2-ლიტრიანი შიდაწვის ძრავისა გენერატორის ტანდემი მუხტავს. ამ ძრავის სიმძლავრე სულ რაღაც 52 ცხენის ძალაა. სამაგიეროდ, მას მუშაობა ბენზინზე, ეთანოლსა და მეთანოლზე შეუძლია.
”ჯუჯაროს” მონაცემებით, სამივე ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 14 წამში შეუძლია, მათი მაქსიმალური სიჩქარე 170 კმ/სთ-ს აღწევს, სვლის სიშორე კი 50 კილომეტრია.
No comments:
Post a Comment